მიგრაციის საკითხებთან დაკავშირებით საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა

მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის წევრი უწყებებისა და საკონსულტაციო სტატუსის მქონე ორგანიზაციების მორიგი საკოოდინაციო შეხვედრა, დღეს, სასტუმრო „ამბასადორში“ გაიმართა, რაზეც საქართველოში 2013 წლიდან მიგრაციის სფეროში განსაზღვრული პროექტები განიხილეს.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს: მიგრაციის საკითხებთან დაკავშირებით მომუშავე სახელმწიფო სტრუქტურების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

შეხვედრა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან სამადაშვილმა გახსნა. ღონისძიების ორგანიზაციულ მხარდაჭერას ლტოლვილთა დანიის საბჭო და სერვისების განვითარების სააგენტო უზრუნველყოფდნენ.
ღონისძიებაზე განხილული იყო ის პროექტები, რომელთა ეფექტური განხორციელება ხელს შეუწყობს მიგრაციის მართვის გაუმჯობესებას და თავის წვლილს შეიტანს საქართველოს მხრიდან ევროკავშირთან ვიზა–ლიბერალიზაციის დიალოგის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების დროულ განხორციელებაში. მონაწილეებს საშუალება მიეცათ შეეჯამებინათ დასრულებული და წარმოედგინათ ახალი პროექტები.

ამავდროულად, შეხვედრის ფარგლებში გაიმართა აზრთა ურთიერთგაცვლა და საერთო პოზიციების ჩამოყალიბება დღის წესრიგით გათვალისწინებულ მნიშვნელოვან საკითხებზე.

აღსანიშნავია, რომ 2013 წლის აპრილსა და მაისში დასრულდება მიგრაციის თემაზე წარმოებული რამოდენიმე ადრეული პროექტი, ხოლო პარალელურად დაიწყება სხვა მრავალპროფილური ღონისძიებები.

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი