პრაღის პროცესი

პრაღის პროცესი არის მიგრაციის შესახებ მიზნობრივი დიალოგი და პოლიტიკის პროცესი, რომელიც ხელს უწყობს, ევროკავშირის, შენგენის სივრცის, აღმოსავლეთ პარტნიორობის, რუსეთის, თურქეთის, დასავლეთ ბალკანეთის და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის თანამშრომლობას მიგრაციის სფეროში.

პროცესი წარმოიშვა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „მიგრაციის სფეროში პარტნიორობის ჩამოყალიბება“ ფარგლებში და ინიცირებული იქნა ევროკავშირში ჩეხეთის პრეზიდენტობისას პრაღის პროცესის პირველ მინისტერიალზე, 2009 წლის აპრილში პრაღის პროცესის ერთობლივი დეკლარაციის ხელმოწერით.

ერთობლივი დეკლარაციით, რომელიც ქმნიდა საერთო პოლიტიკურ ჩარჩოს, წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ გააძლიერებენ თანამშრომლობას მიგრაციის მართვის სფეროში, შეისწავლიან და განავითარებენ შეთანხმებულ პრინციპებს და ელემენტებს მათ ქვეყნებს შორის მიგრაციის სფეროში მჭიდრო თანამშრომლობისთვის, მიყვებიან ყოვლისმომცველ, დაბალანსებულ, პრაგმატულ და ოპერატიული მიდგომას, და პატივს სცემენ მიგრანტთა და მათი ოჯახის წევრების, ასევე ლტოლვილთა უფლებებს და ადამიანურ ღირსებას.

ერთობლივი დეკლარაციით და პრაღის პროცესის მე-2 მინისტერიალზე დამტკიცებული 2012-2016 წწ. სამოქმედო გეგმით, განისაზღვრა შემდეგი ძირითადი პრინციპები და თანამშრომლობის სფეროები:

• არალეგალური მიგრაციის პრევენცია და მის წინააღმდეგ ბრძოლა;
• რეადმისია, ნებაყოფლობითი დაბრუნება და მდგრადი რეინტეგრაცია;
• ლეგალური მიგრაცია, განსაკუთრებული აქცენტით შრომით მიგრაციაზე;
• ლეგალურად მცხოვრებ მიგრანტთა ინტეგრაცია;
• მიგრაცია, მობილობა და განვითარება;
• შესაძლებლობების გაძლიერება თავშესაფრისა და საერთაშორისო დაცვის სფეროში. 

ექვსივე თანამშრომლობის სფერო გარკვეულწილად ასახავს მიგრაციისა და მობილობისადმი გლობალური მიდგომის (GAMM) ამოცანებს, რომელიც წარმოადგენს ევროკავშირის გარე მიგრაციის და თავშესაფრის პოლიტიკის ყოვლისმომცველ ჩარჩოს. GAMM-ის კონტექსტში პრაღის პროცესს მიენიჭა უპირატესობა, როგორც აღმოსავლეთისკენ მიმართულ რეგიონულ დიალოგს. პრაღის პროცესის მნიშვნელობა და მისი შედეგები ასევე აღიარებული იქნა ევროკომისიის მიერ, GAMM-ის შესახებ 2011 წლის 18 ნოემბრის დოკუმენტით, რომელიც შემდგომ დადასტურებული იქნა ევროკავშირის საბჭოს მიერ 2012 წლის 29 მაისის დასკვნით.

2015 წელს განხორციელდა პრაღის პროცესის სამოქმედო გეგმის 2012-2014 წლების პერიოდის შეფასება და შეფასების დასკვნა მოწონებული იქნა მაღალი რანგის მოხელეთა შეხვედრაზე 2015 წლის დეკემბერს პრაღაში. დასკვნის მიხედვით, პრაღის პროცესმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი რეგიონში საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას მიგრაციის სფეროში. წევრი ქვეყნები მივიდნენ დასკვნამდე, რომ დეკლარაციით განსაზღვრული თანამშრომლობის ექვსი სფერო თავსებადია მათი ქვეყნების მიგრაციის პოლიტიკასთან და ავსებს სხვა მიმდინარე საერთაშორისო ფორუმებს. ამავდროულად, პრაღის პროცესის ღონისძიებებმა მისცა მნიშვნელოვანი სტიმული წევრ ქვეყნებს მიგრაციის მართვის სისტემების მოდიფიცირებისთვის.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: https://www.pragueprocess.eu/en/

2016 წლის 20 სექტემბერს სლოვაკეთის პრეზიდენტობით გამართულ პრაღის პროცესის მე-3 მინისტერიალზე ბრატისლავაში, დამტკიცდა ერთობლივი დეკლარაცია, რომელმაც პროცესს მიანიჭა მანდატი 2017-2021 წლებში მოქმედებებისთვის.

2022 წლის 24-25 ოქტომბერს ჩეხეთის პრეზიდენტობით გამართულ პრაღის პროცესის მე-4 მინისტერილაზე  ქ. პრაღაში, დამტკიცდა მინისტრთა დეკლარაცია და 2023-2027 წლების სამოქმედო გეგმა.

პრაღის პროცესის მინისტერიალის დეკლარაციები და სამოქმედო გეგმები ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://www.pragueprocess.eu/en/about/ministerial-conferences

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი