სსგს-ს თავმჯდომარემ ევროპელ კოლეგებს მოქალაქეობის არმქონეობის სფეროში მიღწევები გააცნო

ევროკომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა მიგრაციის ევროპული ქსელის (EMN) მიერ მომზადებული ანგარიში მოქალაქეობის არმქონეობის შესახებ, სადაც საქართველო პირველად არის წარმოდგენილი, ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და ნორვეგიასთან ერთად.

2023 წლის 22 ივნისს ლუქსემბურგში, EMN-ის მოქალაქეობის არმქონეობის პლატფორმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ - ქეთევან ბეთლემიძემ მოქალაქეობის არმქონეობის სფეროში მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა. საქართველო ამ მიმართულებით მსოფლიოში ერთ-ერთ წარმატებული პრაქტიკის მქონე ქვეყნად მიიჩნევა.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ ღონისძიების მონაწილეებს მოქალაქეობის არმქონე პირთა დოკუმენტირების ქართული მოდელი და გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატთან თანამშრომლობით განხორციელებული „კარდაკარ“ კამპანია გააცნო, რის შედეგადაც საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირთა რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა.

სამუშაო შეხვედრაზე მოქალაქეობის არმქონეობის პრევენციის გზებსა და არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს. სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებმა ღონისძიების მონაწილეებს მოქალაქეობის არმქონე პირების მიერ მოქალაქეობის მოპოვების და ნატურალიზაციის ხელშეწყობის საკითხებზე საკუთარი ცოდნა და გამოცდილება გაუზიარეს.

სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც ევროპის საბჭოსა და EMN ლუქსემბურგის ეროვნული საკონტაქტო პირის ორგანიზებით შედგა, EMN-ის მიერ მოქალაქეობის არმქონეობის შესახებ მომზადებული ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა.

მიგრაციის ევროპული ქსელი არის მიგრაციისა და თავშესაფრის საკითხებში ევროკავშირის ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც მუშაობს ევროპაში თავშესაფრისა და მიგრაციის სფეროებში აქტუალური საკითხების გასაანალიზებლად. საქართველო ქსელს 2021 წელს, დამკვირვებლის სტატუსით შეუერთდა და აქტიურადაა ჩართული მის საქმიანობაში.

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი