მიგრაციის ევროპული ქსელის ფარგლებში საქართველოს და ესტონეთის ერთობლივი კონფერენცია გაიმართა

უკანასკნელ ათწლეულებში საერთაშორისო მიგრაციული ნაკადები არა მხოლოდ რიცხობრივად გაიზარდა, არამედ გახდა უფრო კომპლექსური, რამაც მსოფლიოს მასშტაბით წარმოშვა ახალი გამოწვევები მიგრაციის მართვის კუთხით. შესაბამისად, მიგრაციის მუდმივად ცვალებად გარემოში ეფექტური რეაგირების მიზნით დღის წესრიგში დადგა ახალი ტექნოლოგიური გადაწყვეტებისა და მიდგომების შემუშავების და დანერგვის საჭიროება. ავტომატიზებული სისტემები დიდი მოცულობის მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების საშუალებას იძლევა, რაც, საბოლოოდ, ხელს უწყობს შესაბამის პასუხისმგებელ უწყებებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მონაცემთა დამუშავების სხვადასხვა სისტემა სხვადასხვაგვარად ახდენს გავლენას გადაწყვეტილების მიღების პროცესზე, რაც გულისხმობს იმას, რომ ზოგი მათგანი იძლევა პროგნოზირების მოდელების შექმნის და რისკების შეფასების საშუალებას, ზოგი კი გადაწყვეტილების მიღების პროცესს სრულად ან ნახევრად ავტომატიზებულს ხდის.

მიგრაციის ევროპული ქსელის (EMN) საქართველოსა და ესტონეთის საკონტაქტო უწყებების მიერ ორგანიზებული კონფერენციის მთავარ საკითხს წარმოადგენდა იმის განხილვა, თუ როგორ უნდა იქნეს გამოყენებული მონაცემები მიგრაციის მართვის სფეროში გადაწყვეტილების მიღების პროცესის ხელშესაწყობად და სამომავლოდ როგორ განვითარდეს მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების კულტურა მიგრაციის სფეროში.

კონფერენცია გაიმართა 2022 წლის 20 სექტემბერს თბილისში, ჰიბრიდულ ფორმატში და მას დაესწრო მიგრაციის ევროპული ქსელის წევრი და დამკვირვებელი ქვეყნის 100-ზე მეტი წარმომადგენელი. კონფერენციის მსვლელობისას გამომსვლელებმა და მონაწილეებმა განიხილეს როგორც ონლაინ ოპერაციული (OLTP), ასევე ონლაინ ანალიტიკური (OLAP) სისტემები და ის გამოწვევები, რომლებიც თან ახლავს ოპერაციული სისტემიდან ანალიტიკურ სისტემაზე გადასვლის პროცესს. კონფერენციის თემატური სესიების დასასრულს გაიმართა დამატებითი თემატური სესია, რომელიც მიეძღვნა საჯარო სექტორში ინოვაციების და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას.

კონფერენცია წარმოადგენდა EMN საქართველოს, როგორც მიგრაციის ევროპული ქსელის საკონტაქტო პირის (იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო) და EMN ესტონეთის (ესტონეთის უსაფრთხოების მეცნიერებათა აკადემია) პირველ ერთობლივ ღონისძიებას, რომელიც ჩატარდა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან (GITA) მჭიდრო თანამშრომლობით.

მიგრაციის ევროპული ქსელი (EMN) არის ევროპის მასშტაბით მოქმედი ქსელი, რომელიც უზრუნველყოფს მიგრაციისა და თავშესაფრის საკითხებზე უახლესი ინფორმაციის მიწოდებას ფართო საზოგადოებისთვის. ქსელის საქმიანობაში მონაწილეობენ EMN-ის წევრი (ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყანა, გარდა დანიისა) და დამკვირვებლის სტატუსის მქონე ქვეყნების ეროვნული საკონტაქტო პირები (NCPs), ასევე ევროკომისია და EMN ის სერვის-პროვაიდერი (ICF).

კონფერენციის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი