მიგრაციის მართვის საკითხებზე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის (მსსკ) ინიციატივით და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრთან (ICMPD) და მიგრაციის ევროპულ ქსელთან (EMN) თანამშრომლობით, ასევე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „მიგრაციის მართვის მდგრადობის ხელშეწყობა საქართველოში” (ENIGMMA 2) მხარდაჭერით, 2021 წლის 26 მარტს გაიმართა მიგრაციის მართვის საკითხებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია - „მიგრაციის მართვის სისტემის ახალი მოდელები: ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელების შედეგები საქართველოში“.

კონფერენცია მიეძღვნა საქართველოში ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის (VLAP) განხორციელებიდან (2013-2015 წწ.) მეხუთე წლისთავს და იმ როლს, რაც გეგმამ ითამაშა ქვეყნის და უშუალოდ მიგრაციის მართვის სისტემის ძირეული განვითარებისათვის.

მიუხედავად იმისა, რომ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა დასრულდა მისი გრძელვადიანი ამოცანების მიზანია საქართველოს მიგრაციის მართვის სისტემის მუდმივი განვითარება, რაც ითვალისწინებს პარტნიორებთან თანამშრომლობით მართვის მდგრადი მექანიზმების შემუშავებას და მიგრაციის და განვითარების პრინციპზე დაფუძნებული პოლიტიკის გატარებას.

ამ მიზნით კონფერენციაზე ევროკავშირის, მსსკ-ის და EMN-ის წარმომადგენლების მიერ მოხსენებები გაკეთდა ისეთ თემებზე, როგორებიცაა:

  • ევროკავშირის ახალი პოლიტიკა და მასთან დაკავშირებული ინსტრუმენტები მიგრაციისა და თავშესაფრის საკითხებზე;
  • საკვანძო მიღწევები საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესში;
  • მიგრაციის ევროპული ქსელის როლი ევროპელ და ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეთა მხარდაჭერაში და ასევე, ფართო საზოგადოების ინფორმირებაში მიგრაციასა და თავშესაფართან დაკავშირებულ საკითხებზე;
  • მიგრაციის მართვის რეგიონული და ეროვნული სისტემების მოდელები.

მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია არის მთავრობის სათათბირო ორგანო, რომელიც მსჯელობს და გადაწყვეტილებებს იღებს მიგრაციის მართვასთან დაკავშირებულ სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე. კომისია, აერთიანებს 9 სახელმწიფო უწყებას. მის სამდივნოს ფუნქციას ასრულებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო.

კონფერენციის პუბლიკაცია

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი