თბილისში მიგრაციის, მობილობისა და საზღვრის ინტეგრირებული მართვის პანელის შეხვედრა გაიმართა

2018 წლის 11-12 ოქტომბერს, თბილისში გაიმართა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიგრაციის, მობილობისა და საზღვრის ინტეგრირებული მართვის პანელის შეხვედრა თემაზე „საინფორმაციო კამპანია უვიზო მიმოსვლის საკითხებზე“.

ორდღიანი შეხვედრა ევროკომისიის მიგრაციის და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატის და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოს ინიციატივითა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის თანაორგანიზებით მოეწყო.

პანელში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ექსპერტები, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების, ევროკომისიის, პარტნიორი საერთაშორისო სააგენტოების, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აკადემიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, რომლებმაც უვიზო მიმოსვლით მოსარგებლე მოქალაქეთა უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ მიზნობრივი საინფორმაციო კამპანიების სფეროში წარმატებული პრაქტიკა განიხილეს, ერთმანეთს დაგროვილი გამოცდილება გაუზიარეს და იმ გამოწვევებზე იმსჯელეს, რომლებიც შეიძლება მსგავსი კამპანიების დაგეგმვისა და განხორციელების სხვადასხვა ეტაპზე წარმოიშვას.

პანელის მუშაობის მიზანი კოორდინირებული მიდგომის გამომუშავება იყო, რომლითაც ევროკავშირი, მისი წევრი და პარტნიორი ქვეყნები იხელმძღვანელებენ კომუნიკაციისა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების ერთიანი სტრატეგიების განხორციელებისას.

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი