დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების 2018 წლის პროგრამის განხორციელება დაიწყო

mra 1

„საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ 2018 პროგრამის საგრანტო კონკურსში გამარჯვებული არასამთავრობო ორგანიზაციები გამოვლინდნენ.

საგრანტო პროგრამის ფარგლებში წარმოდგენილი განაცხადები, წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ საგრანტო პროგრამის ადმინისტრირებისთვის შექმნილმა კომისიამ განიხილა და შეაფასა. კომისიის შემადგენლობაში შედიან როგორც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დამოუკიდებელი ექსპერტი.

დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში 650 000 ლარი გამოიყო, რომელსაც ზემოხსენებული სამინისტრო კონკურსში გამარჯვებულ არასამთავრობო ორგანიზაციებზე გასცემს.

„საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების სარეინტეგრაციო დახმარების“ 2018 პროგრამის საგრანტო კონკურსში გამარჯვებული ორგანიზაციები საქართველოს მთელ ტერიტორიას მოიცავენ:

  • „საზოგადოებრივი დამცველი - “თბილისი, ქვემო ქართლი, მცხეთა-მთიანეთი;
  • სამცხე ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია „ტოლერანტი“ - სამცხე-ჯავახეთი, შიდა ქართლი;
  • ფონდი „აფხაზინტერკონტი“ - სამეგრელო-ზემო სვანეთი;
  • ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი „ინტელექტი“ - აჭარა, გურია;
  • ფონდი „აფხაზინტერკონტი“ - იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი;
  • „კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი“ (KRDF) - კახეთი.

კონკურსში გამარჯვებულმა ორგანიზაციებმა სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტებისთვის სარეინტეგრაციო დახმარების შემდეგი სერვისები უნდა განახორციელონ:

  • სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტების დაფინანსება;
  • სოციალური პროექტების დაფინანსება;
  • სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამაში ბენეფიციართა ჩართვის ხელშეწყობა;
  • საცხოვრისით დროებითი უზრუნველყოფა.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ სამინისტროს ვებ-გვერდი: http://mra.gov.ge/geo/static/8769

 

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი