თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიგრაციის სტრატეგიის საჯარო განხილვა გაიმართა

მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნომ, წევრმა უწყებებმა, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრთან, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტთან და ევროკავშირის დელეგაციასთან ერთად, 2015 წლის 14 დეკემბერს გამართა საქართველოს 2016-2020 წლების მიგრაციის სტრატეგიის საჯარო პრეზენტაცია, რომელსაც ესწრებოდნენ საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, აკადემიისა და მიგრაციის მართვის პროცესებით დაინტერესებული სხვა ჩართული მხარეების წარმომადგენლები. 2016-2020 წლების სტრატეგია, საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნების შემდგომ, ხელმისაწვდომი გახდება კომისიის ვებგვერდზე.

2016-2020 წლების მიგრაციის სტრატეგია შემუშავდა მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის ფარგლებში. დოკუმენტი ექსპერტიზისათვის გადაეგზავნა საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რის შემდგომაც მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოს მიერ სტრატეგიაში ასახული იქნა წარმოდგენილი კომენტარები და მოსაზრებები. 30 ნოემბერს მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიამ მოიწონა სტრატეგიის არსებული რედაქცია, ხოლო 11 დეკემბერს კი, საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა დოკუმენტის საბოლოო ტექსტი.

საჯარო განხილვისას, მონაწილეებს, ასევე შესაძლებლობა ჰქონდათ მოესმინათ პრეზენტაცია საქართველოს 2015 წლის მიგრაციის პროფილის დოკუმენტის თაობაზე, რომელიც სტრატეგიის მსგავსად შემუშავდა მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის ფარგლებში და 30 ნოემბერს დამტკიცდა ამავე კომისიის მიერ. მიგრაციის პროფილი არის დოკუმენტი, რომელშიც მოცემულია ინფორმაცია ქვეყანაში მიგრაციული პროცესების მართვასთან დაკავშირებით არსებული ვითარების და მასთან დაკავშირებული სტატისტიკის თაობაზე. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მიერ 2015 წელს შემუშავებული პროფილი, არის სრულიად ახალი ფორმატის და განახლებული სტრუქტურის მქონე, სადაც უფრო მეტი ყურადღება დათმობილია ანალიზისა და რეკომედაციების ნაწილზე.

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი