უცხოელისთვის საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადება

საქართველოში მყოფი უცხოელი ვალდებულია, დატოვოს საქართველოს ტერიტორია კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე.

თუ უცხოელი დადგენილ ვადაში ვერ ტოვებს საქართველოს ტერიტორიას, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში შესაძლებელია, მას გადაუვადდეს საქართველოდან გასვლის ვალდებულება. საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების თაობაზე უცხოელმა განცხადებით უნდა მიმართოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურს, იუსტიციის სახლის ფილიალს ან სახლიდან გაუსვლელად შეავსოს განაცხა- დი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დისტანციური მომსახურების სამსახურის მეშვეობით, ვებ-გვერდიდან

საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადება შესაძლებელია:

  • თუ უცხოელს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში შეტანილი აქვს განცხადება საქართველოში ბინადრობის ნებართვის მისაღებად ან საქართველოს მოქალაქეობის მოსაპოვებლად;
  • ავადმყოფობის ან ორსულობის შემთხვევაში, როდესაც ექიმის დასკვნის მიხედვით, პირის მგზავრობა საფრთხეს შეუქმნის მის ჯანმრთელობას. ასეთ შემთხვევაში მასთან შეიძლება დარჩნენ მისი ოჯახის წევრები და თანმხლები პირები;
  • საქართველოს საერთო სასამართლოში მიმდინარეობს საქმისწარმოება უცხოელის მონაწილეობით და საქართველოში მის ყოფნას არსებითი მნიშვნელობა აქვს მისი ინტერესების დასაცავად;
  • საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტისას უცხოელი იძულებული ხდება, გაჩერდეს საქართველოს ტერიტორიაზე 10 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში; ასეთ შემთხვევაში იძულებით გაჩერებად ჩაითვლება:
    • ბუნებრივი მოვლენა, რომელიც აფერხებს მატარებლის, ავტოტრანსპორტის, გემის ან თვითმფრინავის მოძრაობას;
    • სატრანსპორტო საშუალების აუცილებელი რემონტი ან საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა;
    • ერთი სატრანსპორტო საშუალებიდან მეორეში გადაჯდომის შეფერხება;
    • სხვა შემთხვევა, როდესაც შეუძლებელია ერთი ადგილიდან მეორეზე შეუფერხებლად გადაადგილება;
  • საქართველოს სამინისტროს ან სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების კომპეტენტური პირის მიმართვის საფუძველზე.

განსაკუთრებულ შემთხვევაში, დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, უცხოელს საქართველოდან გასვლის ვალდებულება შესაძლებელია გადაუვადდეს ერთჯერადად, 3 თვემდე ვადით. მოთხოვნის დასაბუთებაში უნდა ფიგურირებდეს იგივე მიზანი, რის გამოც მას თავდაპირველად მიეცა საქართველოში ყოფნის ნებართვა.

შენიშვნა: უცხოელს, რომელსაც სააგენტოში შეტანილი აქვს განცხადება საქართველოში ბინადრობის ნებართვის მისაღებად ან საქართველოს მოქალაქეობის მოსაპოვებლად, საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების შესახებ სააგენტოს უნდა მიმართოს მისი ლეგალურად ყოფნის ვადის ამოწურვამდე 7 კალენდარული დღით ადრე. ასეთ შემთხვევაში მას საქართველოდან გასვლის ვალდებულება შესაძლებელია გადაუვადდეს ერთჯერადად, 3 თვემდე ვადით.

უცხოელისთვის საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო შესაბამისი განცხადების წარდგენიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.

უცხოელის საქართველოდან გაძევება

უცხოელი შეიძლება გაძევებულ იქნეს საქართველოდან, თუ:

1) იგი კანონიერი საფუძვლის გარეშე შემოვიდა საქართველოში;

2) აღარ არსებობს საქართველოში მისი შემდგომი ყოფნის კანონიერი საფუძველი;

3) საქართველოში მისი ყოფნა ეწინააღმდეგება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/ და საზოგადოებრივ წესრიგს;

4) მისი საქართველოდან გაძევება აუცილებელია საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფი სხვა პირების ჯანმრთელობის, უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით;

5) იგი სისტემატურად არღვევს საქართველოს კანონმდებლობას;

6) მან საქართველოში შემოსვლის ან ყოფნის კანონიერი საფუძველი ყალბი ან იურიდიული ძალის არმქონე დოკუმენტის წარდგენით მოიპოვა;

7) მას განზრახ ჩადენილი დანაშაულისათვის მისჯილი აქვს 1 წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთა − სასჯელის მოხდის შემდეგ;

8) მას შეფარდებული აქვს არასაპატიმრო სასჯელი – სასჯელის მოხდამდე, ან დანიშნული აქვს პირობითი მსჯავრი – გამოსაცდელი ვადის გასვლამდე.

1 და 2 პუნქტებით განსაზღვრული საფუძვლებით უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილებებს იღებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო, ხოლო 3–8 პუნქტებით განსაზღვრული საფუძვლებით – სასამართლო.

საქართველოში მყოფ უცხოელს საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილებით ეძლევა გონივრული ვადა – 10-დან 30 კალენდარულ დღემდე, რომლის განმავლობაშიც მან საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გაღების გარეშე უნდა დატოვოს საქართველო. ხოლო თუ უცხოელი აღნიშნულ ვადაში არ დატოვებს ქვეყანას, გაძევების თაობაზე გადაწყვეტილება აღსრულდება მის მიერ საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების ვადის ამოწურვიდან 15 სამუშაო დღის განმავლობაში.

შენიშვნა: უცხოელი, რომელსაც ამოეწურა საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადა და ნებაყოფლობით ტოვებს ქვეყანას, ვალდებულია, საქართველოდან გასვლამდე ან გასვლის შემდეგ გადაიხადოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ჯარიმა (ჯარიმის ოდენობა კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვიდან 3 თვის განმავლობაში არის 180 ლარი, ხოლო 3 თვეზე მეტხანს ყოფნისას – 360 ლარი). ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში უცხოელზე არ გაიცემა საქართველოს ვიზა და მას უარი ეთქმება საქართველოში შემოსვლაზე, ვიდრე იგი არ გადაიხდის აღნიშნულ ჯარიმას. უცხოელს, რომლის მიმართაც განხორციელდა გაძევების იძულებით აღსრულება, ჯარიმის დაკისრებათან ერთად, აეკრძალება საქართველოში შემოსვლა 2-დან 5 წლამდე ვადით.

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი