საქართველოს ვიზის კატეგორიები და ტიპები

საქართველოს ვიზა დადგენილი ფორმის პირობითი ნებართვაა, რომელიც გაიცემა უცხოელის სამგზავრო დოკუმენტში ვიზის ბლანკის დატანით ან ელექტრონულად (ელექტრონული ვიზა) და ადასტურებს მის უფლებას, შემოვიდეს ან/და იმყოფებოდეს საქართველოში ან ტრანზიტით გაიაროს საქართველოს ტერიტორია.

საქართველოს ვიზის გაცემის მიზნით, უცხოელის საქართველოში მოწვევის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მქონე პირს, საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, საქართველოს სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობას, საკონსულო დაწესებულებას და საერთაშორისო ორგანიზაციას. მოწვევა წარმოადგენს წერილობითი შუამდგომლობის შემცველ ოფიციალურ დოკუმენტს, რომლითაც დასტურდება უცხოელის საქართველოში ჩამოსვლის მიზანი.

საქართველოს ვიზის ტიპები

უცხოელზე, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს ვიზის მიღებისთვის დადგენილ მოთხოვნებსა და პირობებს, შეიძლება გაიცეს საქართველოს ვიზა ერთჯერადი ან მრავალჯერადი შემოსვლის უფლებით.

ერთჯერადი მოკლევადიანი ვიზა გაიცემა უცხოელის მიერ სავიზო განაცხადში მითითებული დღეების რაოდენობის შესაბამისად, მაგრამ არაუმეტეს 30 დღისა.

მრავალჯერადი მოკლევადიანი ვიზა შეიძლება გაიცეს არაუმეტეს 5 წლის მოქმედების ვადით. ამასთანავე, უცხოელის საქართველოში შემოსვლისა და ყოფნის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 90 კალენდარულ დღეს ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში. მრავალჯერადი მოკლევადიანი ვიზა გაიცემა იმ უცხოელზე, რომელიც წინა წლის განმავლობაში ერთხელ მაინც იმყოფებოდა საქართველოში და აქვს მრავალჯერადი მოკლევადიანი ვიზის მოთხოვნის საფუძველი.

გრძელვადიანი ვიზა გაიცემა მრავალჯერადი შესვლის უფლებით, 90 კალენდარული დღის ან 1 წლის მოქმედებისა და საქართველოში ყოფნის ვადით. გრძელვადიანი ვიზა 1 წლის მოქმედების ვადით გაიცემა მხოლოდ D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის გაცემის შემთხვევაში.

საქართველოს ვიზის კატეგორიებია:

  • დიპლომატიური ვიზა – A კატეგორია;
  • სპეციალური ვიზა – B კატეგორია;
  • ორდინალური ვიზა – C კატეგორია;
  • საიმიგრაციო ვიზა – D კატეგორია;
  • ტრანზიტული ვიზა – T კატეგორია.

ვიზის გაცემის პროცედურების შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდებზე: mfa.gov.ge; geoconsul.gov.ge; evisa.gov.ge.

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი