სასარგებლო რჩევები უცხოელებისთვის

საქართველო: ძირითადი ფაქტები
საქართველოს ტერიტორია 69,700 კვ. კმ
სახმელეთო საზღვარი 1,839 კმ
მოსაზღვრე ქვეყნები სომხეთი (224 კმ)
აზერბაიჯანი (446 კმ)
თურქეთი (275 კმ)
რუსეთი (894 კმ)
სანაპირო ზოლი 315 კმ
მოსახლეობა 3,716,900 (2020 წ. 1 იანვრის მონაცემებით)
მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობა (2014 წლის აღწერის მონაცემებით) ქართველები 86.8%
აზერბაიჯანელები 6.3%
სომხები 4.5%
რუსები 0.7%
სხვა 1.7%
დედაქალაქი თბილისი
დედაქალაქის მოსახლეობა 1,184,800 (2020 წ. 1 იანვრის მონაცემებით)
სახელმწიფო ენები ქართული, ხოლო აფხაზეთის ა/რ ტერიტორიაზე აფხაზური
ურბანული მოსახლეობა 59% (2020 წლის 1 იანვრის მონაცემებით)

საქართველო („Sakartvelo“) ტრანსკონტინენტური ქვეყანაა და აღმოსავლეთ ევროპისა და დასავლეთ აზიის გზაგასაყარზე მდებარეობს (დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ვებ-გვერდს: www.gnta.ge.

მნიშვნელოვანი გეოსტრატეგიული მდებარეობიდან გამომდინარე, საქართველო ხშირად ექცეოდა მსოფლიოში მიმდინარე დრამატული ისტორიული მოვლენების ეპიცენტრში. შედეგად, საქართველოს ისტორიაში შეხვდებით უამრავ ფაქტს ბრძოლის, გამარჯვებისა და გადარჩენის შესახებ. საქართველო ერთერთი უძველესი სახელმწიფოა რეგიონში და ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვიდან იღებს სათავეებს, თუმცა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი რეგიონული მოთამაშე მე-11 მე-12 საუკუნეებში, მეფეების დავით აღმაშენებლისა და თამარის მმართველობის დროს იყო. მათ მოახერხეს საქართველოს გაერთიანება და წარმატებულ და ძლიერ სახელმწიფოდ გარდაქმნა. მოგვიანებით მონღოლთა, სპარსეთისა და ოსმალთა იმპერიების მიერ განხორციელებულმა დაპყრობითმა ომებმა ძლიერ დაასუსტა ქართული სახელმწიფო და საფუძველი მოამზადა მე-19 საუკუნის ბოლოს რუსეთის იმპერიის მიერ სრული ანექსიისთვის. 1918 წელს საქართველომ მცირე ხნით მოახერხა დამოუკიდებლობის აღდგენა, მაგრამ 1921 წლიდან ისევ ბოლშევიკური რუსეთის ოკუპაციის ქვეშ მოექცა. საბჭოთა კავშირიდან გამოყოფისა და დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველო, ისევე როგორც პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების დიდი ნაწილი, ეკონომიკური სიძნელეებისა და სამოქალაქო კონფლიქტების წინაშე აღმოჩნდა. ეს პროცესები ორი ქართული რეგიონის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის (ე.წ. სამხრეთ ოსეთის) საქართველოდან დე-ფაქტო გამოყოფით დასრულდა. ქვეყნისთვის უკანასკნელი დარტყმა 2008 წლის რუსეთთან ომი იყო, რის შემდეგაც რუსეთმა უშუალოდ მოახდინა ამ ორი რეგიონის ოკუპაცია.

სახელმწიფო წყობა და მმართველობის სისტემა

საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკური წყობილების ფორმა არის დემოკრატიული რესპუბლიკა. სახელმწიფოს მეთაური და სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალია საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც აირჩევა საყოველთაო არჩევნების გზით 5 წლის ვადით; ხოლო საქართველოს მთავრობა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით უზრუნველყოფს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის განხორციელებას. საკანონმდებლო ხელისუფლებას ახორციელებს საქართველოს პარლამენტი, რომელიც ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოა და აირჩევა 4 წლის ვადით. ხელისუფლების მესამე შტოა დამოუკიდებელი სასამართლოები. მმართველობის სისტემაში განსაკუთრებული ადგილი უკავია ადგილობრივ თვითმმართველობებს, რომლის უფლებამოსილებები უკანასკნელ წლებში საგრძნობლად გაიზარდა.

ეკონომიკა და გადასახადები

საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის მთავარი მიზანი მოსახლეობის კეთილდღეობის დონის ამაღლებაა, რომელიც მიიღწევა მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის პირობებში, როდესაც ყველა მოქალაქე სარგებლობს ეკონომიკური ზრდით მოტანილი სიკეთით და იმავდროულად, ეკონომიკური განვითარების პროცესში მოსახლეობის საყოველთაო ჩართულობაც უზრუნველყოფილია. საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პრინციპებსა და ღირებულებებს ეფუძნება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემების თანახმად, საქართველოს მთლიანმა შიდა პროდუქტმა (მშპ) 2020 წელს 15.9 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, ხოლო მშპ-მ ერთ სულ მოსახლეზე 4.274 აშშ დოლარი შეადგინა. უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკა სტაბილურად იზრდებოდა და მომავალ წლებშიც ზრდა არის ნავარაუდები.

ზრდის ტენდენციით ხასიათდება, ასევე, საქართველოს საგარეო-სავაჭრო ბრუნვა, რომელსაც ქვეყანაში მოქმედი შეღავათიანი საგარეო-სავაჭრო რეჟიმები და ქვეყნის ლიბერალური სავაჭრო პოლიტიკა უწყობს ხელს. საყურადღებოა, რომ 2014 წლის 27 ივნისს ხელი მოეწერა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებას, რომლის შემადგენელ და განუყოფელ ნაწილსაც წარმოადგენს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA), რომელიც უკვე რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის მიერ და ძალაშია 2016 წლიდან. აღსანიშნავია ასევე, რომ საქართველო გახდა პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელსაც აქვს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ჩინეთთან.

საქართველოში ხელსაყრელი ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს შექმნის მიზნით განხორციელდა და მიმდინარეობს მნიშვნელოვანი ეკონომიკური რეფორმები, რომელთა დადებითი შედეგები ასახულია საერთაშორისო კვლევებსა და შეფასებებში. მაგალითად, მსოფლიო ბანკის ანგარიშის „Doing Business 2020“-ის მიხედვით, საქართველომ 190 ქვეყანას შორის მე-7 ადგილზეა.

დამატებითი ინფორმაცია ქონების და ბიზნესის რეგისტრაციის წესებისა და მოთხოვნების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (www.napr.gov.ge), იუსტიციის სახლისა (www.psh.gov.ge) და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (www.economy.ge) ვებ-გვერდებზე.

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიის ფრეზერის ინსტიტუტის (Fraser Institute) მიერ გამოქვეყნებულ 2020 წლის ანგარიშით საქართველომ ეკონომიკური თავისუფლების მხრივ მე-8 პოზიცია დაიკავა მსოფლიოს 159 ქვეყანას შორის. ხოლო, Heritage Foundation „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი 2021-ის" მიხედვით, საქართველომ მსოფლიოს 180 ქვეყანას შორის მე-12 პოზიცია დაიკავა კვლავ „უმეტესად თავისუფალი" სტატუსით..

„Transparency International“-ის მიერ 2017 წელს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2020 წელს „კორუფციის აღქმის ინდექსში“ („Corruption Perception Index“) საქართველო 176 ქვეყანას შორის 45-ე ადგილზეა, ხოლო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის (EECA) 19 ქვეყანას შორის საქართველომ კვლავ პირველი პოზიცია შეინარჩუნა.

მნიშვნელოვნად გამარტივდა საგადასახადო სისტემა და შემცირდა გადასახადების რაოდენობა. გადამხდელად რეგისტრაციისთვის და დაკისრებული გადასახადების შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ვებ- გვერდს: www.rs.ge.

საქართველოში კარგად განვითარებული საბანკო სისტემაა. ქვეყანაში მოქმედებს რამდენიმე მსხვილი კერძო ბანკი, მცირე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია და საკრედიტო კავშირი. უცხოური ვალუტის კონვერტაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ მსხვილი ოპერატორების ოფიციალურ წარმომადგენლობებსა და მცირე ზომის სავალუტო ჯიხურებს ქუჩაში.

ეროვნულ ვალუტას, ქართული ლარი (GEL).

ტურიზმი

საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი უნიკალური ტურისტული ქვეყანა და ვიზიტორებისთვის ერთგვარი აღმოჩენაა, რომელიც თავისი პოტენციალითა და მრავალფეროვნებით ქვეყნის განმეორებით მონახულების სურვილს ყოველთვის აღძრავს. 2010 წლიდან 2020 წლამდე საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობის ზრდის ტემპი ერთ-ერთი ყველაზე მაღალი იყო მსოფლიოში. საერთაშორისო მოგზაურების მთლიან რაოდენობამ 2019 წელს 9.3 მილიონს გადააჭარბა. ხოლო ამავე წელს, საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლებმა 3 მილიარდ აშშ დოლარს მნიშვნელოვნად გადააჭარბა


ბოლო წლების განმავლობაში ტურიზმი ეკონომიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სექტორად ჩამოყალიბდა. 2020 წლის მდგომარეობით საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ბაზაში დარეგისტრირებული იყო 2707 განთავსების ობიექტი 101.286 საწოლი ადგილით. განთავსების საშუალებების კატეგორიების მიხედვით კლასიფიკაციის თანახმად, კი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში რეგისტრირებულია 1062 სასტუმრო, 1017 საოჯახო სასტუმრო, 431 სასტუმრო სახლი და 197 სხვა განთავსების ობიექტი. 

დამატებითი ინფორმაცია საქართველოში ტურიზმის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდებზე: www.georgia.travel/ge; www.gnta.ge.

ხალხი და ენა

საქართველო ტრადიციულად მართლმადიდებელი ქრისტიანი ქვეყანაა. ქრისტიანობა ჯერ კიდევ მე-4 საუკუნეში გავრცელდა, თუმცა საქართველო საუკუნეების მანძილზე იყო მუსლიმ, იუდეველ და სხვა რელიგიურ უმცირესობათა სამშობლოც. რელიგიური თვითგამოხატვის თავისუფლება, ისევე როგორც ადამიანის სხვა ძირითადი უფლებები, დაცულია საქართველოს კონსტიტუციით.

საქართველოში სახელმწიფო ენებია ქართული და აფხაზური. ქართული ენა დამწერლობისთვის ქართულ ანბანს იყენებს, რომელიც ერთ-ერთია მსოფლიოს 14 უნიკალურ ანბანს შორის. საქართველოს ისტორიის, კულტურისა და კლიმატის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიოთ ვებგვერდს: www.government.gov.ge.

უსაფრთხოება: თუ თქვენს უსაფრთხოებას ან ჯანმრთელობას საფრთხე დაემუქრება, აკრიფეთ 112 და დაუკავშირდით გადაუდებელი დახმარების სამსახურს. იგი აერთიანებს სახანძრო-სამაშველო სამსახურს, სასწრაფო სამედიცინო დახმარებასა და საპატრულო პოლიციას. პოლიცია საქართველოში გამორჩეულად მაღალი ნდობით სარგებლობს მოსახლეობის მხრიდან.

შენიშვნა: მოიძიეთ და ყოველთვის თან იქონიეთ თქვენი ქვეყნის დიპლომატიური ან/და საკონსულო წარმომადგენლობის საკონტაქტო ინფორმაცია, მისამართი და ცხელი ხაზის ნომერი. რეკომენდებულია, რომ ქვეყანაში შემოსვლისთანავე დადგეთ თქვენი ქვეყნის საკონსულოს აღრიცხვაზე, რათა საჭიროების შემთხვევაში შეძლოთ დროული და ადეკვატური დახმარების მიღება თქვენი ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობის მხრიდან.

განათლების სისტემა

საქართველოში განათლების სისტემა იყოფა სკოლამდელ, ზოგად, უმაღლეს და პროფესიულ განათლებად. განათლების ყველა საფეხურზე მოქმედებს მთელი რიგი კერძო და საჯარო საგანმანათლებლო ინსტიტუტები. პროგრამების უმეტესობა ქართულ (სახელმწიფო) ენაზეა, თუმცა სხვადასხვა კერძო და საჯარო ინსტიტუტი ინგლისურ, რუსულ და სხვა ენებზეც სთავაზობენ პროგრამებს სტუდენტებს.

ზოგადი განათლება მოიცავს დაწყებით (1-დან მე-6 კლასის ჩათვლით), სავალდებულო საშუალო (მე-7 მე-9 კლასები) და საშუალო სკოლას (მე-10 მე-12 კლასები). დაწყებით კლასებში 6 წლის ასაკიდან ირიცხებიან. მოსწავლეებს აქვთ საშუალება, აიღონ არასრული საშუალო განათლების მოწმობა სავალდებულო საშუალო სკოლის დასრულების შემდეგ, ან გააგრძელონ სწავლა საშუალო სკოლის დანარჩენ კლასებში, ან პროფესიულ სკოლაში. საშუალო სკოლის 12 კლასის დასრულების შემდეგ მოსწავლეები იღებენ საშუალო განათლების მოწმობას.

პროფესიული სკოლები/კოლეჯები ასევე 2-3-წლიან სასწავლო პროგრამებს სთავაზობენ მოსწავლეებს. ამ სკოლებში მიღებული დიპლომი მათ საშუალებას აძლევს, დასაქმდნენ პროფესიით ან გააგრძელონ სწავლა უმაღლეს სასწავლებლებში.

უმაღლესი განათლებაც სამი საფეხურისგან შედგება ბაკალავრი (BA), მაგისტრატურა (MA) და დოქტორანტურა (PhD).

საჯარო სკოლამდელ და დაწყებით სკოლებში ჩარიცხვის სისტემა ცენტრალიზებულია და გვიან გაზაფხულსა და ადრე ზაფხულის თვეებში ხდება. თბილისის მასშტაბით ბაღებში დარეგისტრირებისთვის მშობლებმა უნდა ისარგებლონ ვებგვერდით http://kids.org.ge/, ხოლო დაწყებით კლასებში რეგისტრაციას განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ახორციელებს (www.emis.ge) მთელი ქვეყნის მასშტაბით. უცხოელებს აქვთ საშუალება, რომ ისარგებლონ მოსწავლეთა რეგისტრაციის აღნიშნული სერვისით. კერძო საბავშვო ბაღებსა და სკოლებში რეგისტრაცია ინდივიდუალურად ხდება.

უმაღლეს საგანმანათლებლო ინსტიტუტებში ჩარიცხვაც ცენტრალიზებულად ხდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ.

ჯანმრთელობის დაცვა

ჯანდაცვა: ძირითადი ფაქტები
საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა 74,1 წელი (2019 წლის
მონაცემებით)
საავადმყოფო საწოლების რაოდენობა 1000 კაცზე 18,0 (2019 წლის მონაცემებით)
ექიმების რაოდენობა 1000 კაცზე 32,0 (2015 წლის მონაცემებით)
ექიმთან მიმართვიანობა 1000 კაცზე 13469.6 (2019 წლის
მონაცემებით)

საქართველოს ჯანდაცვის სისტემა სრულად პრივატიზებულია. მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქმედებს კერძო საავადმყოფოები, ასე რომ, აუცილებელ სამედიცინო მომსახურებაზე ხელი მიუწვდება მეტნაკლებად ყველა რეგიონის მოსახლეობას. ინფორმაცია სამედიცინო მომსახურეობის მომწოდებლებზე შეგიძლიათ იხილოთ საინფორმაციო პორტალზე http://cloud.moh.gov.ge/. დამატებითი ინფორმაცია ექიმების, სისხლის მარაგის, აფთიაქების შესახებ ხელმისაწვდომია პორტალზე ავტორიზაციის გავლის შემდგომ.

მომხმარებელს ჯანმრთელობის დაზღვევის სხვადასხვა პაკეტს სთავაზობს საქართველოში მოქმედი რამდენიმე მსხვილი სადაზღვევო კომპანია, რომელთა შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის ვებგვერდზე www.insurance.org.ge.

ახალი კორონავირუსის გავრცელების შემდეგ, საქართველოს მთავრობის მიერ შეიქმნა სპეციალური საინფორმაციო ვებგვერდი - www.StopCov.ge, სადაც განთავსდა კორონავირუსთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია. ვებგვერდი კორონავირუსით ინფიცირებულთა შესახებ სტატისტიკის პირველწყაროდ ჩამოყალიბდა. ამავე ვებგვერდზე განთავსდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციები, აგრეთვე, ხშირად დასმული კითხვების ვრცელი ჩამონათვალი დეტალური პასუხების მითითებით. ვებგვერდი  ხელმისაწვდომია ქართულ, აფხაზურ, ოსურ, ინგლისურ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე;

ლეგალური ემიგრაციის გზამკვლევი

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი