საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის გაცემა

საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობა არის უცხოეთიდან საქართველოში დასაბრუნებელი (გამოსამგზავრებელი) ერთჯერადი სამგზავრო დოკუმენტი.

საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობა გაიცემა საქართველოს მოქალაქეებზე; პირებზე, რომელთაც უდგინდებათ საქართველოს მოქალაქეობა; საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირებზე; საქართველოში ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელებზე და გარკვეული გარემოებების გათვალისწინებით სხვა პირებზეც.

საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობა გაიცემა შემდეგ შემთხვევებში:

  • ვადაგასული, დაკარგული, ან სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისთვის უვარგისი (იგულისხმება გაცვეთა ან დაზიანება) სამგზავრო დოკუმენტის სანაცვლოდ ან ასეთი დოკუმენტის არარსებობის შემთხვევაში;
  • ნებაყოფლობით დაბრუნების, საქართველოში დეპორტაციის ან რეადმისიის მიზნით;
  • საგანგებო სიტუაციის არსებობის დროს, საქართველოს მოქალაქის, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელი პირის ოჯახის წევრების ჰუმანიტარული მიზნით საქართველოში გამოსამგზავრებლად;
  • საქართველოში ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების ან მის მიმართ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით.

საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის გაცემის თაობაზე დაინტერესებულმა პირმა უნდა მიმართოს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას.

საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის გაცემის შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღება განცხადების მიღებიდან 15 დღის ვადაში.

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა საქართველოში დასაბრუნებელ მოწმობას გასცემს ერთ თვემდე მოქმედების ვადით. თუმცა, იგი შეიძლება გაიცეს სამ თვემდე მოქმედების ვადითაც შემდეგ შემთხვევებში:

  • დასაბრუნებელი მოწმობის გაცემა უკავშირდება საქართველოში დასაბრუნებლად სატრანზიტო გავლის ან გასვლის უფლებით ვიზის მიღებას;
  • პირი იმყოფება პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, რაც დასტურდება ოფიციალური შეტყობინებით;
  • დასაბრუნებელი მოწმობის გაცემა ხდება რეადმისიის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში.

საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის გაცემასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საგარეო საქმეთა სამინისტროს ტელეფონზე: +995 322 945 050 ან ელექტრონულ ფოსტაზე: consulinfo@mfa.gov.ge ან იხილოთ ვებგვერდზე: www.geoconsul.gov.ge.

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი