შეხვედრა ლეგალური მიგრაციის თემაზე კაზრეთის საზოგადოებრივ ცენტრში

დაბა კაზრეთის ახლადგახსნილ საზოგადოებრივ ცენტრში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინიციატივით, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM) ლეგალური მიგრაციის თემაზე ადგილობრივი მოსახლეობისთვის საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მიგრაციით დაინტერესებულ მოქალაქეებს მიაწოდეს ინფორმაცია ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: ლეგალური დასაქმების შესაძლებლობები საზღვარგარეთ, დასაქმების შეთავაზების სანდოობა, სავიზო პროცედურები და უცხო ქვეყანაში ცხოვრების წესები, სწავლა საზღვარგარეთ და გაცვლითი პროგრამები, მუდმივი ბინადრობა და თავშესაფარი, მიგრანტების უფლებები და მოვალეობები, ასევე არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებული რისკები და მათი პრევენცია.

აღნიშნული შეხვედრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან თანამშრომლობით, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში განხორციელდა.

საზოგადოებრივი ცენტრების მიზანი სოფლის მოსახლეობისთვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდება და ადგილობრივი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაა. მისი კონცეფცია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს პროექტის ფარგლებში შეიქმნა, რომელიც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი