ტრენინგები და საინფორმაციო შეხვედრები ცირკულარული მიგრაციის პროექტის მონაწილეთათვის

30-ზე მეტი ტურიზმისა და ჯანდაცვის სფეროს ქართველი სპეციალისტი, რომელიც ცირკულარული მიგრაციის პროექტის მონაწილედ შეირჩა, ამჟამად გერმანიაში გამგზავრებისთვის ემზადება. 2014 წლის ნოემბერსა და დეკემბერში პროექტის ფარგლებში მათთვის სამი ტრენინგი იქნება შეთავაზებული: (1) ერთ-კვირიანი პროფესიული ტრენინგი (2) ფინანსური განათლების შესახებ ტრენინგი და (3) საინფორმაციო შეხვედრა ინდივიდუალური მიგრაციის სქემის შემუშავების შესახებ.

ერთ-კვირიანი პროფესიული ტრენინგის ძირითადი მიზანი მონაწილეთათვის პრაქტიკული ინფორმაციის მიწოდებაა, რაც მათ გერმანიაში სამუშაო ადგილზე ეფექტურ ინტეგრაციას შეუწყობს ხელს. პროფესიული კურსის ტრენერები, რომლებსაც შესაბამისი გამოცდილება აქვთ ტურიზმისა და ჯანდაცვის სფეროში, იმ ძირითად საკითხებს მიმოიხილავენ, რომელთა ცოდნაც აუცილებელია გერმანიაში შემდგომი დასაქმებისთვის.

ფინანსური განათლების შესახებ ტრენინგი მოიცავს მიგრაციის ციკლის იმ ძირითად ასპექტებს, რაც მონაწილეებს გერმანიაში ცხოვრებისთვის გამოადგებათ. ასეთია ფინანსურ მოთხოვნებთან და პროცედურებთან, ასევე დანაზოგთან და გადარიცხვებთან დაკავშირებული საკითხები, ასევე ის საჭიროებები რაც საქართველოში დაბრუნების შემდეგ შეიძლება წარმოიშვას.

და ბოლოს, ინტერაქტიური ღონისძიება მონაწილეებს საშუალებას მისცემს, შეექმნათ წარმოდგენა ინფორმირებული და დაგეგმილი მიგრაციის ინდივიდუალური სქემის შემუშავების შესახებ, გერმანიაში მათ გამგზვრებამდე.

ცირკულარული მიგრაციის საცდელი სქემა ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე პროექტის ნაწილია, რომლის მიზანია საქართველოსა და ევროკავშირს შორის „პარტნიორობა მობილურობისათვის“ ინიციატივის ფარგლებში მიგრაციის, როგორც მდგრადი განვითარების საშუალების წარმოჩენა. პროექტს ახორციელებს საერთაშორისო მიგრაციისა და განვითარების ცენტრი (CIM) (რომელიც ერთობლივად იმართება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ) და გერმანიის ფედერალური დასაქმების სააგენტოს მიერ) სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან / მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოთან და მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციასთან (GSMEA) ერთად.
მიზნობრივი ცირკულარული მიგრაციის სქემის გარდა, პროექტის აქტივობები მოიცავს დიასპორის მობილიზებას, ბიზნეს იდეების განვითარების ხელშეწყობისა და რეინტეგრაციის კუთხით მხარდაჭერის ჩათვლით.

 

ფინანსური განათლების ტრენინგი

2014 წლის 6 დეკემბერს, ცირკულარული მიგრაციის პროექტის ფარგლებში შერჩეული ტურიზმისა და ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტებისთვის ფინანსური განათლების ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიამ უმასპინძლა და განხორციელდა „შემნახველი ბანკების საერთაშორისო თანამშრომლობის ფონდის“ (SBFIC), „საქართველოს საბანკო ტრენინგების ცენტრისა“ (GBTC) და „გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების“ (GIZ) სექტორული პროექტის „მიგრაცია განვითარებისთვის“ მიერ. აღნიშნული ტრენინგი ცირკულარული მიგრაციის სქემის მონაწილეებისთვის შეთავაზებული მოსამზადებელი ღონისძიებების შემადგენელი ნაწილია, ინტენსიურ გერმანული ენის კურსებთან, პროფესიულ ტრენინგებთან, ასევე მიგრაციის ინდივიდუალური სქემის შემუშავების შესახებ საინფორმაციო შეხვედრასთან ერთად.

ფინანსური განათლების შესახებ ტრენინგზე მონაწილეებმა განიხილეს ფინანსურ მოთხოვნებთან და პროცედურებთან დაკავშირებული ის აქტუალური და მნიშვნელოვანი საკითხები, რაც მათ გერმანიაში შემდგომ დასაქმებასთან არის კავშირში. ასეთი საკითხებია: ინფორმაცია ბანკში ანგარიშის გახსნის, ბიუჯეტის დაგეგმვისა და დანაზოგის შესახებ, ასევე როგორ უნდა იწარმოოს გადარიცხვები საქართველოში უფრო ეფექტიანად. მათ შორის განხილული იქნა გერმანული გადარიცხვების პორტალი www.geldtransfair.de, სადაც შესაძლებელია გადარიცხვის განხორციელებისთვის არსებული ხარჯისა და შემოთავაზებული პირობების შედარება. ტრენინგზე მონაწილეებს ბროშურები დაურიგდათ, რაც მიგრაციის მთელ ციკლს ეხება და მოცემულია ის ძირითადი ასპექტები, თუ რა უნდა გაითვალისწინონ მონაწილეებმა გერმანიაში წასვლამდე, გერმანიაში ჩასვლის თუ საქართველოში დაბრუნების შემდეგ.
 

მიგრაციის ინდივიდუალური სქემის შემუშავება: საინფორმაციო შეხვედრა საქართველოში დაბრუნების შემდეგ რეინტეგრაციის შესაძლებლობების შესახებ

2014 წლის 13 დეკემბერს, ცირკულარული მიგრაციის საცდელი სქემის ფარგლებში შერჩეული ექთნებისა და სასტუმრო/სარესტორნო სფეროს სპეციალისტებისთვის, რომლებიც ამ დროისთვის გერმანიაში დროებითი დასაქმებისა და კვალიფიკაციის ამაღლებისთვის ემზადებიან, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა საქართველოში დაბრუნების შემდეგ რეინტეგრაციის შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის გაზიარებას ისახავდა მიზნად. რეინტეგრაცია სხვადასხვა ასპექტში იქნა წარმოდგენილი და მოიცავდა ინფორმაციას: დასაქმების შესაძლებლობების, საკუთარი ბიზნესის თუ სოციალური საწარმოს დაფუძნების ასევე ტრენერად მუშაობის და ამ გზით ცოდნის გაზიარების შესახებ.

ღონისძიებას თბილისის გოეთეს ინსტიტუტმა უმასპინძლა და საინფორმაციო ფორუმის ფორმატში იყო ორგანიზებული. პროექტის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ასევე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოს წარმომადგენლებმა.

შეხვედრაზე საქართველოში მოქმედი ორგანიზაციების მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა პროექტის მონაწილეებს საკუთარი მოსაზრებები და რეკომენდაციები გაუზიარეს რეინტეგრაციის მრავალმხრივი შესაძლებლობების შესახებ. წარმოდგენილ ორგანიზაციებს შორის იყვნენ: გერმანული ორგანიზაცია „მუშა სამარიტელთა კავშირი“ (ASB), საერთაშორისო მიგრაციისა და განვითარების ცენტრი (CIM), სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტი (Worknet), ტურისტული კომპანია “Georgia Insight”, საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია (GSMEA), ინტეგრირებული ექსპერტი სოციალური საწარმოს დაფუძნების დარგში, დასაქმების, ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი „KMS Georgia“, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი.

პროექტის მონაწილეებმა მათი შემდგომი რეინტეგრაციისთვის სასარგებლო კონტაქტები დაამყარეს, რომლებიც მზად არიან მიაწოდონ მათ დამატებითი ინფორმაცია, როგორც საზღვარგარეთ ყოფნის პერიოდში, ასევე მათი საქართველოში დაბრუნების შემდეგ. სწორედ ამიტომ, ღონისძიება მონაწილეების მიერ დადებითად შეფასდა, მათ მიიღეს ინფორმაცია, თუ როგორ შეიძლება ეფექტურად დაიგეგმოს მიგრაციის სქემა საქართველოში დაბრუნების შემდეგ წარმატებული რეინტეგრაციისთვის.

ცირკულარული მიგრაციის საცდელი სქემა ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე პროექტის ნაწილია, რომლის მიზანია საქართველოსა და ევროკავშირს შორის „პარტნიორობა მობილურობისათვის“ ინიციატივის ფარგლებში მიგრაციის, როგორც მდგრადი განვითარების საშუალების წარმოჩენა. ცირკულარული მიგრაციის საცდელი სქემის ფარგლებში ქართველი ექთნები და სასტურო/სარესტორნო სფეროს სპეციალისტები შეირჩნენ გერმანიაში დასაქმების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადებისთვის. მიგრაციის ციკლის მთელ პერიოდში მონაწილეთათვის მრავალი ხელშემწყობი ღონისძიებაა შეთავაზებული.

პროექტს ახორციელებს საერთაშორისო მიგრაციისა და განვთარების ცენტრი (CIM) (რომელიც ერთობლივად იმართება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ) და გერმანიის ფედერალური დასაქმების სააგენტოს მიერ), სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან/მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოსთან და მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციასთან (GSMEA) ერთად. მიზნობრივი ცირკულარული მიგრაციის სქემის გარდა, პროექტის აქტივობები მოიცავს დიასპორის მობილიზებას, ბიზნეს იდეების განვითარების ხელშეწყობისა და რეინტეგრაციის კუთხით მხარდაჭერის ჩათვლით.

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი