სარეინტეგრაციო საკითხების კონსოლიდაციის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა

2014 წლის 15 ოქტომბერს, სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში გაიმართა მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სარეინტეგრაციო საკითხების კონსოლიდაციის სამუშაო ჯგუფის მე-9 გაფართოებული შეხვედრა.
შეხვედრა ორგანიზებული იყო სამუშაო ჯგუფის კოორდინატორი უწყების, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოსა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ერთობლივი ძალისხმევით, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში.
შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლები, რომელთაც იმსჯელეს სამშობლოში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების რეინტეგრაციის მხარდამჭერი პროექტებისა და პროგრამების თაობაზე.
სამშობლოში დაბრუნებული თანამემამულეების რეინტეგრაციის ხელშეწყობა არის ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებით და ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ერთ ერთი ამოცანა. მნიშვნელოვანია, რომ 2015 წლიდან, პირველად, ქვეყნის ბიუჯეტში გამოყოფილი იქნება ფინანსური რესურსი შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებისათვის.
სარეინტეგრაციო საკითხების კონსოლიდაციის თემატური სამუშაო ჯგუფი, რომელსაც კოორდინაციას უწევს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო, აერთიანებს 6 სახელმწიფო უწყებას. ჯგუფი მომავალშიც განაგრძობს აქტიურ მუშაობას დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის მხარდასაჭერად.

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი