მიგრაციის საკითხებზე ტრენინგი გაიმართება

2014 წლის 8-10 ოქტომბერს, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით, მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოსა და იუსტიციის სამინისტროს სასწავლო ცენტრთან თანამშრომლობით, გაიმართება ტრენინგი მიგრაციის საკითხებზე, რომელსაც დაესწრებიან მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის წევრი სახელმწიფო უწყებების საზოგადოებასთან ურთიერთობების სამსახურების თანამშრომლები. ტრენინგი მიზნად ისახავს მონაწილეთა ჯეროვან ინფორმირებას მიგრაციის მართვისა და საქართველოში მიგრაციის სფეროში განვითარებულ მოვლენებთან მიმართებაში. ტრენინგის დროს გამოიყენება პროექტ, GOvAC-ის ფარგლებში შემუშავებული სასწავლო გზამკვლევი. ხსენებულ ტრენინგზე, რომელიც გაგრძელდება 3 დღის განმავლობაში, განიხილება ისეთი თემები, როგორიცაა საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა, ასოცირების ხელშეკრულება, ახალი კანონი უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ და ამ კანონით გათვალისწინებული ცვლილებები, ცირკულარული მიგრაცია, მიგრაციის სფეროში ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის ძირითადი ინსტრუმენტები და ა. შ.

ტრენინგის მსვლელობისას ყურადღება გამახვილდება ისეთ საკითხზე, როგორიცაა საზოგადოებისათვის მიგრაციის საკითხებზე ინფორმაციის მიწოდების ტექნიკა და კომუნიკაციის ენა. ტრენინგს წარუძღვებიან სახელმწიფო უწყებებიდან წარდგენილი თანამშრომლები და იგი გაიმართება ყვარელში, იუსტიციის სასწავლო ცენტრში.

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი