ცირკულარული მიგრაციის პროექტის ფარგლებში 30-ზე მეტი ქართველი სპეციალისტი შეირჩა

გასულ კვირას „მიგრაციისა და განვითარების საერთაშორისო ცენტრმა“ (CIM) გერმანიაში დროებით დასაქმებასთან დაკავშირებით მიმდინარე კონკურსის მონაწილე ექთნებთან და ტურიზმის სფეროს სპეციალისტებთან ინტერვიუირება განახორციელა. კონკურსი ცირკულარული მიგრაციის საპილოტე სქემის ფარგლებში გამოცხადდა, რომელიც ევროკავშირის პროექტის ნაწილია. გასაუბრებები თბილისში, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) სათაო ოფისში შედგა.

საპილოტე პროექტის ძირითადი მიზანია ინიციატივა „პარტნიორობა მობილურობისთვის“ ფარგლებში მიგრაციის გზით განვითარების პოტენციალის გაძლიერება. პროექტის ერთ–ერთი ძირითადი კომპონენტი ცირკულარული მიგრაციის საპილოტე სქემის მოსინჯვა და დიასპორის მობილიზაციაა, ეს უკანასკნელი კი დაბრუნებული მიგრანტებისთვის რეინტეგრაციის ხელშეწყობას გულისხმობს.

პროექტის შესახებ ინფორმაცია იხილეთ პროექტის მინი–ვებგერდზე: www.migration-georgia.alumniportal.com („alumniportal Deutschland“)

ცირკულარული მიგრაციის საპილოტე სქემის ფარგლებში საქართველოდან შერჩეული კანდიდატები გადამზადდებიან გერმანულ ენაში და აიმაღლებენ კვალიფიკაციას, რითაც ისინი უფრო მეტად მოთხოვნადი გახდებიან დასაქმების ქართულ ბაზარზე. ამისათვის, მონაწილეები დროებით დასაქმდებიან გერმანიაში და გადამზადდებიან წინასწარ შემუშავებული ტრენინგის მოდულის მიხედვით. გერმანიაში ყოფნის დროს კანდიდატები მხარდაჭერილი იქნებიან კარიერის დაგეგმვაში. უფრო მეტიც, ხელშეწყობილი იქნება მონაწილეების – როგორც კვალიფიციური კადრების, დაბრუნებული ექსპერტების თუ მეწარმეების – დაბრუნება და რეინტეგრაცია.

სექტემბრიდან შერჩეული მონაწილეებისთვის მოსამზადებელი პერიოდი იწყება, რაც თბილისში, გოეთეს ინსტიტუტში გერმანული ენის კურსების გავლას გულისხმობს.

საერთაშორისო მიგრაციისა და განვითარების ცენტრი (CIM) ერთობლივად იმართება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ) და გერმანიის დასაქმების ფედერალური სააგენტოს მიერ.

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი