საერთაშორისო კონფერენცია „მიგრაციის სტრატეგიის ერთი წელი საქართველოში“

30 აპრილს, 10:00 საათზე, თბილისში სასტუმროში „Holiday Inn“, გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია „მიგრაციის სტრატეგიის ერთი წელი საქართველოში: მიღწეული შედეგები და სამომავლო გეგმები“. კონფერენცია ერთობლივად არის ორგანიზებული მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოსა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „მიგრაციის მართვის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში.

ღონისძიებას დაესწრება შესაბამისი სახელმწიფო უწყებები (მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის წევრები), ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების ის წარმომადგენლები, რომლებიც ჩართულნი არიან საქართველოში მიგრაციასთან დაკავშირებულ საქმიანობაში.

საქართველოს მთავრობამ 2013 წლის 15 მარტს დაამტკიცა 2013-2015 წლების მიგრაციის სტრატეგიის დოკუმენტი, რომელიც შეიქმნა მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამუშაო ჯგუფის მიერ, ევროკავშირის ექსპერტთა მხარდაჭერით. მიგრაციის სტრატეგიის მიღებიდან და მისი სამოქმედო გეგმის განხორციელების დაწყებიდან ერთი წლის თავზე, სხვადასხვა უწყებები და დაინტერესებული მხარეები წარმოადგენენ მიღწეულ პროგრესს, განიხილავენ მიღებულ გამოცდილებასა და იმ გამოწვევებს, რაც გამოვლინდა განვლილი პერიოდის მანძილზე. გარდა ამისა, განხილული იქნება სამომავლო გეგმები. კონფერენცია მოიცავს შემდეგ თემატურ მიმართულებებს: ლეგალური მიგრაცია, არალეგალური მიგრაცია, საერთაშორისო დაცვა, დაბრუნება და საქართველოს მოქალაქეთა რეინტეგრაცია.

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი