საერთაშორისო კონფერენცია “მიგრაციის მართვა საქართველოში: განვითარება და გამოწვევები”

სასტუმრო “მარიოტ ქორთიარდში” 28 ივნისს გაიმართა მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიისა და ლტოლვილთა დანიის საბჭოს(DRC) მიერ ერთობლივად ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენცია “მიგრაციის მართვა საქართველოში: განვითარება და გამოწვევები”. კონფერენცია დაფინანსებული იყო ევროპის კავშირის მიერ. ღონისძიებაში მონაწილე საქართველოს მთავრობის, საერთაშორისო საზოგადოების, სამოქალაქო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა განიხილეს მიგრაციული პროცესების პოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების კომპონენტები, მათი ზეგავლენა საქართველოზე და იმსჯელეს არსებულ და მოსალოდნელ გამოწვევებზე.

საერთაშორისო კონფერენცია ამავდროულად ევროპის კავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის “სარეინტეგრაციო საქმიანობის კონსოლიდაცია საქართველოში” შემაჯამებელი ღონისძიებაც იყო. პროექტი, რომლის ბიუჯეტიც 500,000 ევროზე მეტს შეადგენდა, 2011 წლის იანვრიდან და 2013 წლის ივნისამდე გრძელდებოდა და იგი განახორციელა ლტოლვილთა დანიის საბჭომ (DRC), მიგრაციის პოლიტიკის საერთაშორისო ცენტრთან (ICMPD) თანამშრომლობით.

პროექტმა საქართველოს მთავრობას აღმოუჩინა დახმარება ქვეყანაში დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის პოლიტიკის ამოცანების განსაზღვრის პროცესში. პროექტის ფარგლებში ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობას იღებდნენ განათლების, ჯანდაცვის, სოციალური დახმარების, სამართლის, რეგიონული განვითარებისა და დასაქმების სფეროში მოქმედი საჯარო უწყებები, საერთაშორისო ორგანიზაციები, სამოქალაქო საზოგადოება და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები. დაბრუნების პროცესის მდგრადობის უზრუნველყოფის მიზნით, პროექტის ფარგლებში დაფინანსდა საქართველოში დაბრუნებული 52 მიგრანტის ბიზნეს წინადადება. დამატებით, განხორციელდა საქართველოს კერძო დასაქმების სააგენტოთა ასოციაციისა და დასაქმებისა და ეკონომიკური რეინტეგრაციის საკითხებზე პასუხისმგებელი სხვა ორგანიზაციების შესაძლებლობათა ზრდის კომპონენტები.

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი