პოტენციურ მიგრანტებს ტრენინგი ჩაუტარდათ

უცხოეთში წასვლის მსურველთათვის მიგრაციის ლეგალური გზების გაცნობის თემაზე, 13-14 აპრილს, რუსთავის იუსტიციის სახლში, სპეციალიზირებული ტრენინგი ჩატარდა.

საზღვარგარეთ საცხოვრებლად წასვლის მსურველი, წინასწარ შერჩული პოტენციური მიგრანტების ჯგუფისთვის მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოს ინიციატივით განსაზღვრული სემინარი, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით არასამთავრობო ორგანიზაცია „მიგრაციის ცენტრმა“ ჩაატარა.

ღონისძიების მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია ისეთ თემებზე, როგორებიცაა: მიგრანტთათვის დანიშნულების ძირითადი ქვეყნების ჩამონათვალი, ამ ქვეყნების სამუშაო ბაზარზე არსებული შეზღუდვები უცხოელებისთვის, საიმიგრაციო შეზღუდვები, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ამა თუ იმ ქვეყანაში არსებული ბიუროკრატიული ბარიერები, ლეგალური მიგრაცია, უცხოეთში წასვლის მსურველთათვის მიგრაციის ლეგალური გზების გაცნობა/საჭირო დოკუმენტაცია, არალეგალური მიგრაცია/ტრეფიკინგი, შრომითი მიგრაცია და სასწავლო პროგრამები.


გარდა ამისა, ამავე ტრენინგზე ისაუბრეს დეპორტაციაზე, საცხოვრებელ ფართთან დაკავშირებულ პრობლემებზე, ადამიანით ვაჭრობაზე, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, დიასპორებთან და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობის პრობლემაზე, სამუშაოს მოძიების დროს წარმოქმნილ ბარიერებზე, უცხოელებთან კომუნიკაციის სირთულეზე და ენის არცოდნის პრობლემაზე, ნოსტალგიური და ფსიქოლოგიური განწყობების დაძლევაზე, საქართველოში დაბრუნების საკითხებზე და სხვა თემებზე

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი