სასწავლო და ანალიტიკური შესაძლებლობების განვითარების პროექტი დასრულდა

"მიგრაციის სფეროში სასწავლო და ანალიტიკური შესაძლებლობების განვითარება საქართველოსა და მოლდოვაში (GOVAC)" პროექტის თაობაზე დასკვნითი კონფერენცია სასტუმროში "შერატონ მეტეხი პალასი" გაიმართა. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას მიიღეს პროექტის განხორციელებაში ჩართულმა ყველა პარტნიორმა ორგანიზაციამ საქართველოდან, მოლდოვადან და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან.

ღონისძიებაზე განხილული იყო ისეთი თემები, როგორიცაა: მიგრაციასთან დაკავშირებული სწავლება, ტრენინგი, მიგრაციის სოციალური მნიშვნელობა, მიგრაციული პროცესების შესახებ სამოქალაქო საზოგადოების ინფორმირების კუთხით მედიის როლი და სხვა.

ევროკავშირის დაფინანსებული GOVAC-ის პროექტი ხორციელდებოდა საქართველოსა და მოლდოვაში 2011 წლის იანვრიდან 2013 წლის მაისის ჩათვლით. მის მხარდასაჭერად ევროკომისიამ 980,000 ევრო გამოყო.

პროექტის განხორციელებისას შეძენილი გამოცდილება და წარმოჩენილი წარმატებული მაგალითები, ისევე როგორც შესწავლილი გაკვეთილები მნიშვნელოვანია არამხოლოდ ამ ცალკეული პროექტისა თუ რეგიონისთვის, არამედ, მიგრაციის მიმართულებით პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელებისათვის.

GOVAC-ის პროექტის მხარდაჭერით შეიქმნა მიგრაციის სასწავლო სახელმძღვანელო, რომლითაც ჩატარდება სახელმწიფო დაწესებულებების თანამშრომელთა ტრენინგები. სახელმძღვანელო ასევე რეკომენდებულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და მოლდოვის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის.

აღსანიშნავია, რომ GOVAC-ის პროექტს ახორციელებდა მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი (ICMPD), ლტოლვილთა დანიის საბჭოსთან (DRC), ბულგარეთის საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა სამინისტროებთან, ჩეხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ფინეთის საიმიგრაციო სამსახურთან, ნიდერლანდების საიმიგრაციო და ნატურალიზაციის სამსახურთან, პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, პორტუგალიის საიმიგრაციო და სასაზღვრო სამსახურთან, სლოვაკეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, შვეიცარიის მიგრაციის ფედერალურ სამსახურთან თანამშრომლობით და ქართველი და მოლდოველი კოლეგების, კერძოდ, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (საქართველოს იუსტიციის სამინისტრო) და მიგრაციისა და თავშესაფრის ბიუროს (მოლდოვას შინაგან საქმეთა სამინისტრო) დიდი მხარდაჭერით.

ლეგალური ემიგრაციის გზამკვლევი

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი

მიგრაციის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი