მიგრაციისა და თავშესაფრის პანელი

მიგრაციისა და თავშესაფრის პანელი არის მიგრაციის საკითხებზე საერთაშორისო თანამშრომლობის ფორმატი, რომელიც ფუნქციონირებს აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი პლათფორმის „დემოკრატია და კარგი მმართველობა“ ბაზაზე. პანელის ფარგლებში იმართება სხდომები და სამუშაო შეხვედრები მიგრაციის სფეროში მიმდინარე ისეთ აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა ლეგალური და არალეგალური მიგრაცია, თავშესაფრის საკითხები, მიგრაციის სტატისტიკა და სხვა. შეხვედრები იმართება დღის წესრიგში მდგომი თემების მიხედვით წელიწადში რამდენიმეჯერ და მას ორგანიზებას უწევს ერთი ევროკავშირის და ერთი აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყანა. შეხვედრებში მონაწილეობას იღებს ევროკავშირის, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნები. მიგრაციის და თავშესაფრის პანელის პირველი სხდომა დღევანდელი ფორმატით გაიმართა 2011 წლის 9 დეკემბერს.

პანელი შეიქმნა ე.წ სოდერკოპინგის პროცესის ბაზაზე, რომელიც ფუნქციონირებდა 2001-დან 2011 წლამდე. 2001 წელს შვედეთის, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარის მიერ ინიცირებული პროცესის მიზანი იყო ევროკავშირის აღმოსავლეთის მიმართულებით გაფართოებასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე ადეკვატური რეაგირება და მიგრაციისა და თავშესაფრის საკითხებთან დაკავშირებით კოორდინაციის ამაღლების ხელშეწყობა.

სოდერკოპინგის პროცესს ფინანსურად მხარს უჭერდა შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. თავდაპირველად პარტნიორობაზე დამყარებული ურთიერთობებიდან, პროცესი 2010 წელს გადავიდა მთავრობათაშორის ურთიერთობებზე. იმავე წელს, ბუდაპეშტის სამიტზე შვედეთი ერთი წლის ვადით არჩეული იქნა თავმჯდომარედ. ამჟამად თავმჯდომარის ინსტიტუტი გაუქმდა და ჩანაცვლდა სხდომების თანაორგანიზებით, როდესაც ქვეყნები ხელმძღვანელობენ თემატურ მიმართულებებს.

სოდერკოპინგის პროცესი დაიწყო 2001 წელს ლიტვის, ბელარუსის, პოლონეთის, უკრაინისა და პროექტის პარტნიორების - მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის, გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის და შვედეთის მიგრაციის სამსახურის წარმომადგენელთა საკოორდინაციო შეხვედრით, შვედეთის ქალაქ სოდერკოპინგში, საიდანაც მომდინარეობს მისი პირველადი დასახელება.

მომდევნო წლებში პროცესს შეუერთდა ლატვია, მოლდოვა, უნგრეთი, სლოვაკეთი, რუმინეთი და ესტონეთი. 2011 წელს კი, საქართველოს მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით, პროცესს შეუერთდა საქართველო. იმავე წელს პროცესის წევრი გახდა სომხეთი და აზერბაიჯანი.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ვებ-გვერდი: www.eapmigrationpanel.org

ლეგალური ემიგრაციის გზამკვლევი

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი

მიგრაციის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი