ბუდაპეშტის პროცესი

ბუდაპეშტის პროცესი არის საკონსულტაციო ფორუმი 50-ზე მეტი სახელმწიფოსა და 10-ზე მეტი საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელთათვის. პროცესი მიზნად ისახავს, მოწესრიგებული მიგრაციისთვის განვითარებული და მდგრადი სისტემების შექმნას. მისი მონაწილეა ევროპის რეგიონის ქვეყნები, წარმოდგენილნი გაფართოვებული შემადგენლობით, რათა მოხდეს ინფორმაციისა და საუკეთესო გამოცდილების გაზიარება ლეგალური და არალეგალური მიგრაციის ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა - თავშესაფარი, ვიზა, საზღვრის მართვა, ტრეფიკინგი, მიგრანტთა არალეგალური გადაყვანა საზღვარზე, რეადმისია-დაბრუნება და ა.შ. აღნიშნული დიალოგის ფორმატში, პროცესი ხელს უწყობს მიგრაციის სათანადო მართვას, ერთობლივ პასუხს არალეგალური მიგრაციის გამოწვევებზე, ასევე მიგრაციის პოლიტიკისა და კონცეფციის საერთო აღქმას.

პროცესის ინიცირება 1991 წელს მოახდინა გერმანიამ, როგორც ევროპის 26 ქვეყანას შორის ერთ-ერთმა, რომელიც მუშაობდა გაზრდილი არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ მიმართული ქმედითი ღონისძიებების შემუშავებაზე. დღეის მდგომარეობით ბუდაპეშტის პროცესის თავმჯდომარე ქვეყანაა თურქეთი, ხოლო თანათავმჯდომარე უნგრეთი.

დაარსების დღიდან, ბუდაპეშტის პროცესმა გაიარა განვითარების სხვადასხვა ეტაპი. პირველი (1993-2003 წ.წ.) ორიენტირებული იყო ცენტრალური და ევროკავშირის არაწევრი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზე. თანამშრომლობა, ასევე მიმდინარეობდა სამხრეთ–აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან. მეორე ეტაპი (2003-2009 წ.წ.), ითვალისწინებდა ბუდაპეშტის პროცესის თანამშრომლობის ფორმატში დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნების ჩართვასა და პროცესის ქსელის აღმოსავლეთის მიმართულებით გაფართოვებას. მესამე ფაზა დაიწყო 2010 წელს და ძირითადად მოიცავს რეგიონულ მიდგომას. დღეისთვის პროცესი უფრო გაიზარდა და მასში ახალი წევრების სახით ჩაერთო ე.წ აბრეშუმის გზის რეგიონის ქვეყნები (ავღანეთი, პაკისტანი, ერაყი). მესამე ფაზას აქვს სამი რეგიონული პრიორიტეტი და სამი სამუშაო ჯგუფი: სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონი (თავმჯდომარე ხორვატია), შავი ზღვის რეგიონი (თავმჯდომარე ბულგარეთი) და აბრეშუმის გზის რეგიონი (თავმჯდომარე თურქეთი).

სახელმძღვანელო პრინციპები

ბუდაპეშტის პროცესი მიმდინარეობს სახელმწიფოთაშორისო ფორმატში. იგი წევრ ქვეყნებსა და სხვა მონაწილე მხარეთა წარმომადგენლებს საშუალებას აძლევს, შეხვდნენ და თანასწორ საწყისებზე განიხილონ საერთო ინტერესის მქონე საკითხები და გაცვალონ ინფორმაცია. პროცესის ფარგლებში დაგეგმილი ყველა ღონისძიება წარიმართება მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის ადმინისტრაციული და საკონსულტაციო მხარდაჭერით. აღნიშნული პროცესი არის მოქნილი და ღია ყველა დაინტერესებული ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელისათვის, რომლებიც აქტიურად მუშაობენ მიგრაციის მიმართულებით. ფორუმს გააჩნია არაფორმალური ხასიათი და ეფუძნება რეკომენდაციებსა და დასკვნებს.

ახლანდელი თავმჯდომარე

2006 წლიდან თურქეთი არის ბუდაპეშტის პროცესის თავმჯდომარე (უნგრეთი რჩება თანათავმჯდომარედ). მუშაობისას დიდი ყურადღება ექცევა პროცესის განგრძობადობას და განსახილველი საკითხების გაღრმავებას. ტრადიციულად, მის ინტერესთა სფეროში შედის: დაბრუნება, რეადმისია, საზღვრის მართვა და თავშესაფარი, ქვეყანაში შემოსვლა და იმიგრაციის პოლიტიკა, შრომითი მიგრაცია, ინტეგრაცია და რეინტეგრაცია.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: https://www.budapestprocess.org/

ლეგალური ემიგრაციის გზამკვლევი

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი

მიგრაციის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი