ახალი თაობის მიგრაციის პროფილი საქართველოში

მიგრაციის პროფილი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ და საერთაშორისოდ აღიარებულ საანგარიშო დოკუმენტს, რომელიც გამიზნულია მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიგრაციის პოლიტიკის, ანალიზის და მართვის სისტემის შემუშავების ხელშეწყობისთვის მიგრაციის პროცესებში ჩართულ ქვეყნებში. პროფილი თავდაპირველად შემოთავაზებული იქნა ევროკომისიის მიერ 2005 წელს, მიგრაციისა და განვითარების საკითხზე ინიცირებული დიალოგის პროცესში და წარმოადგენს მოკლე სტატისტიკურ ანგარიშს, მომზადებულს წინასწარ შემუშავებული ერთიანი ჩარჩოს მიხედვით, რომელიც აადვილებს კონკრეტულ ქვეყანაში მიგრაციის კუთხით არსებული სიტუაციის გააზრებას „ერთი შეხედვით“. ტრადიციულად, საერთაშორისო მასშტაბით დამკვიდრდა ორი, უფრო ზუსტად კი - ორი ყველაზე მეტად გავრცელებული პროფილის ტიპი - ვრცელი (Extended) და საბაზისო (Light). 2015 წელს საქართველომ, რომელიც მანამდე ძირითადად იყენებდა პროფილის ვრცელ ვერსიას, შეიმუშავა ახალი, ე.წ საშუალო ფორმატის მიგრაციის პროფილი (Medium Migration Profile, MMP). დოკუმენტის სტრუქტურა მკითხველს დეტალურ და ამომწურავ ინფორმაციას აწვდის ქვეყანაში მიმდინარე მიგრაციის პროცესებზე და მათ კავშირზე პოლიტიკასა და განვითარებასთან.

ყოველ ორ წელიწადში განახლებადი საშუალო ფორმატის მიგრაციის პროფილი ივსება მოკლე მიგრაციის პროფილები (Brief Migration Profile, BMP), რომლებიც მზადდება წელიწადში ორჯერ (პირველი მოკლე მიგრაციის პროფილი გამოიცა 2016 წელს) და წარმოგვიდგენს საშუალო ფორმატის მიგრაციის პროფილით გამოვლენილი, მიგრაციის ძირითადი ტენდენციების ჩაღრმავებულ ანალიზს. მოკლე მიგრაციის პროფილები ეფუძნება საშუალო ფორმატის მიგრაციის პროფილს, მაგრამ ამავდროულად საკმაოდ მოქნილია იმისათვის, რომ ასახოს მიგრაციის სხვადასხვა სფეროში მიმდინარე ახალი პროცესები.

დაინტერესებულ მკითხველთა მხრიდან დოკუმენტებისადმი გამოვლენილი ინტერესის მიუხედავად, მსსკ-ის სამდივნომ გადაწყვიტა მომდევნო „თაობის“ ახალი პროდუქტის შექმნა და არსებულ ორ რესურსზე დამატებით, მესამე დოკუმენტის წარმოდგენა, ამჯერად მონაცემთა ვიზუალიზაციის ფორმით (2017 წლის საშუალო ფორმატის მიგრაციის პროფილის სამი ნაწილის გამოყენებით). მონაცემთა ვიზუალიზაციის სახით წარმოდგენილი მიგრაციის ეროვნული პროფილი (Visualized Migration Profile - VMP) არის საშუალო და მოკლე მიგრაციის პროფილების დამატებითი კომპონენტი და გარკვეულწილად შესაძლოა ჩაანაცვლოს კიდეც მიგრაციის მოკლე პროფილიც. თუმცა, როგორც ყოველი ახალი პროდუქტის, ასევე ვიზუალიზებული პროფილის წარმატება მომხმარებლის მიერ დოკუმენტის გამოყენების, შეფასებისა და განსჯის ანალიზის საგანია.

ინფოგრაფიკების ჩამოტვირთვა

 

ლეგალური ემიგრაციის გზამკვლევი

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი

მიგრაციის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი