ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის დღეების გამომთვლელი მობილური აპლიკაცია „Schengen/EU App“ შეიქმნა

იუსტიციის სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში“ მობილური აპლიკაცია „Schengen/EU App“ შეიქმნა. აპლიკაციის პრეზენტაცია 2018 წლის 27 თებერვალს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გამართა. პრეზენტაციის შემდეგ აპლიკაცია მართვაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაეცა. პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი პირები; დიპლომატიური კორპუსისა და დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლები და სტუდენტები.

საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის/ევროკავშირის სივრცეში უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ საქართველოს მთავრობის მთავარი პრიორიტეტი მოსახლეობისთვის უვიზო მიმოსვლით გათვალისწინებული წესების დაცვის ხელშეწყობა და დამატებითი სარეკომენდაციო ხასიათის ინსტრუმენტების შემუშავება გახდა. აღსანიშნავია, რომ უვიზო რეჟიმის ამოქმედებისთანავე იუსტიციის სახლის ფილიალებში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში პასპორტის და პირადობის მოწმობების აღებისას უკლებლივ ყველა მოქალაქეს ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის წესების შესახებ მომზადებული ბროშურა გადაეცემა. დღეის მდგომარეობით 800 000-მდე ბროშურა დარიგდა. მოქალაქეების ინფორმირების მიზნით იუსტიციის სამინისტრო აგრძელებს მუშაობას და სწორედ ამ მიზნით სერვისების განვითარების სააგენტოში მობილური აპლიკაცია „Schengen/EU App“ შეიქმნა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს დაეხმარება, ჩაინიშნონ შენგენის/ევროკავშირის ზონაში გატარებული დღეები და გამოითვალონ დარჩენილი დღეების რაოდენობა. მნიშვნელოვანია, მოსახლეობამ სწორად დათვალოს 180-დღიან პერიოდში დასაშვები 90 დღე, რათა უნებურად არ დაარღვიოს უვიზო მიმოსვლის წესები. აპლიკაცია მარტივია და მოქალაქეებს აძლევს საშუალებას:

  • შეინახონ შენგენის ზონაში მოგზაურობის ისტორია (მათ შორის, ქვეყნების მითითებით);
  • გამოითვალონ დარჩენილი დღეების რაოდენობა;
  • სოციალურ ქსელებში გააზიარონ კონკრეტული მოგზაურობის ან მოგზაურობის ისტორიის ამსახველი ვიზუალური ინფორმაცია.

აპლიკაციას აქვს სამენოვანი ინტერფეისი: ქართული, ინგლისური და რუსული. აპლიკაცია დამხმარე ხასიათისაა და ემსახურება მოსახლეობის ინფორმირებას. „Schengen/EU APP“-ს, ცხადია, არ გააჩნია რაიმე იურიდიული ძალა. აპლიკაცია სრულად შეესაბამება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონს. აპლიკაციაში მითითებული ინფორმაცია ინახება მომხმარებლის მოწყობილობაზე. „Schengen/EU App“ შეიქმნა იუსტიციის სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ მიერ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის ევროკავშირისა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერით.

მოგზაურობის დღეების გამომთვლელი აპლიკაციის წარდგენის შემდგომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსგან შენგენის ზონაში მოგზაურობის დღეების გამომთვლელი აპლიკაცია „Schengen/EU App“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაეცა, რის შემდგომაც საგარეო საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს აპლიკაციის მართვასა და მხარდაჭერას.

აპლიკაციის ჩამოტვირთვა:

https://play.google.com/store/apps/details?id=ge.mobility.schengenapp

https://itunes.apple.com/us/app/schengen-eu-app/id1249319256

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი