მიგრანტთა ინტეგრაციის საკითხებზე აკადემიური კონფერენცია გაიმართა

2018 წლის 8-9 თებერვალს, მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოსა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის თანაორგანიზებით ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია თემაზე „დიალოგი მიგრანტთა ინტეგრაციაზე - გამოწვევები, სარგებელი და საუკეთესო გამოცდილება“.

კონფერენციამ ერთ სივრცეში შეკრიბა ადგილობრივი და საერთაშორისო პრაქტიკოსები, პოლიტიკის შემუშავებაში ჩართული პირები, მკვლევარები და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები, რომლებმაც ისაუბრეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკისა და მიღებული გამოცდილების შესახებ მიგრანტთა ინტეგრაციის საკითხებზე. წლევანდელი კონფერენციის თემის შერჩევა განაპირობა ბოლო ათწლეულის განმავლობაში მიმდინარე მიგრაციის გლობალურმა პროცესებმა და დანიშნულების ქვეყნებში მიგრანტთა ინტეგრაციის პოლიტიკისა და პრაქტიკის შემუშავების მზარდმა საჭიროებამ.

კონფერენცია გახსნა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, რომელმაც ისაუბრა მიგრაციის მართვის არსებულ ჩარჩოსა და მიგრანტთა ინტეგრაციის პოლიტიკის შემუშავების კუთხით მსსკ-ს წევრ სახელმწიფო უწყებათა მიერ დაგეგმილ ნაბიჯებზე. მთავარი მოხსენება მიგრაციისა და ინტეგრაციის საკითხებზე წარმოადგინა ბერნის უნივერსიტეტის მკვლევარმა, დრ. ქრისტიან იოპკემ, ხოლო კონფერენციის მეორე დღე დაიწყო ინტეგრაციის ძირითადი ჩარჩოს განხილვით ლონდონის უნივერსიტეტის მკვლევარის ბენ გიდლის მიერ. მუშაობა გაგრძელდა სადისკუსიო პანელით, საქართველოს სამთავრობო უწყებების წარმომადგენლების - პოლიტიკის შემმუშავებელი პირებისა და პრაქტიკოსების, და საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით, სადაც განხილული იქნა ინტეგრაციის სხვადასხვა ასპექტები, როგორიცაა სტრუქტურული ინტეგრაცია (შრომის ბაზარზე, განათლებასა და ჯანდაცვაზე წვდომა), სოციალური და კულტურული ინტეგრაცია, იმიგრანტთა ინტეგრაციის საზომი ინდიკატორები. წარმოდგენილი საკითხები განხილული იქნა შედარებითი ანალიზის საფუძველზე, პრაქტიკული მაგალითების თეორიულ ჭრილში შეფასებით და აკადემიური თვალსაზრისის დაფიქსირებით.

ორდღიანმა კონფერენციამ შექმნა ხელსაყრელი შესაძლებლობა იმისთვის, რომ უფრო სიღრმისეულად იქნეს გააზრებული მიგრანტთა ინტეგრაციის საკითხები, როგორც ადგილობრივი, ასევე რეგიონალური და რეგიონთაშორისი პერსპექტივის ჭრილში და წახალისდეს აღნიშნული თემის ირგვლივ აზრთა კრიტიკული გაცვლა, რაც ხელს შეუწყობს წარმატებულ მაგალითებსა და გამოცდილებაზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავებას ამ სფეროში.

წლევანდელი კონფერენცია წარმოადგენს რიგით მესამე ყოველწლიურ ღონისძიებას, და მხარდაჭერილია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ENIGMMA 2“-ს ფარგლებში, რომელსაც საქართველოში ახორციელებს მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი.

ლეგალური ემიგრაციის გზამკვლევი

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი

მიგრაციის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი