საქართველოს 2017 წლის მიგრაციის პროფილი და სტრატეგიის 2018 წლის სამოქმედო გეგმა დამტკიცდა

მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის (მსსკ) მიგრაციის სტრატეგიის სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობდა საქართველოს 2017 წლის მიგრაციის პროფილის და საქართველოს 2016-2020 წლების მიგრაციის სტრატეგიის 2018 წლის სამოქმედო გეგმის მოსამზადებლად. ორივე დოკუმენტის შემუშავება და დამტკიცება ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი გრძელვადიანი დავალება და საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგის (2017-2020 წწ.) ვალდებულებათაგანია.

2017 წლის მიგრაციის პროფილი მსსკ-ს ფარგლებში შემუშავებული რიგით მეორე საინფორმაციო-ანალიტიკური ტიპის დოკუმენტია, რომელიც ახალი, ე.წ. „საშუალო ფორმატის მიგრაციის პროფილის“ მოდელის მიხედვით მომზადდა. მის წინამორბედ, 2015 წლის პროფილში წარმოდგენილი იყო მიგრაციასთან დაკავშირებული 2010-2014 წლების სტატისტიკური მონაცემები, ხოლო მოცემული დოკუმენტი, როგორც 2015 წლის პროფილის ლოგიკური გაგრძელება, ძირითადად აღწერს 2015-2016 წლების მონაცემებს, აანალიზებს ამ მონაცემებს სხვადასხვა სფეროებზე (დემოგრაფიული, ეკონომიკური და სოციალური) გავლენის ჭრილში და ამის საფუძველზე ავლენს ძირითად ტენდენციებს და ცვლილებებს სხვადასხვა მიგრაციულ ჯგუფებსა და ნაკადებში.

კომისიის მე-18 სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, სტრატეგიის სამუშაო ჯგუფმა ამჯერად მოამზადა ერთწლიანი სამოქმედო გეგმა, რომლის შემუშავებისას მხედველობაში იქნა მიღებული ევროკავშირთან ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის გრძელვადიანი დავალებები, მათგან გამომდინარე ევროკავშირის დახმარების ახალი პროგრამის ძირითადი კომპონენტები, რომელიც თავის მხრივ პირდაპირ კავშირშია საქართველოს მიგრაციის სტრატეგიით გათვალისწინებულ პრიორიტეტულ მიმართულებებთან. შესაბამისი რესურსების მობილიზების და საჭიროებისამებრ გადანაწილების მიზნით, გეგმის შემუშავების საბოლოო ეტაპზე, გაიმართა კონსულტაციები პარტნიორ/დონორ ორგანიზაციებთან, რომელთა მოსაზრებებიც გათვალისწინებული იქნა სამოქმედო გეგმაში.

საქართველოს 2017 წლის მიგრაციის პროფილი და მიგრაციის სტრატეგიის 2018 წლის სამოქმედო გეგმა დამტკიცდა 2017 წლის 4 დეკემბერს, მსსკ-ს მე-19 სხდომაზე.

მოცემული ეტაპისთვის მიმდინარეობს 2017 წლის მიგრაციის პროფილის და 2018 წლის სამოქმედო გეგმის ინგლისურ ენაზე თარგმნა და ორივე დოკუმენტის ინგლისურენოვანი ვერსია 2018 წლის თებერვლისთვის გამოქვეყნდება მსსკ-ს ვებ-გვერდზე.

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი