იმიგრანტთა ეკონომიკური ინტეგრაციის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

2017 წლის 8 ნოემბერს გაიმართა სამუშაო შეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატში, რომელიც მიზნად ისახავდა დისკუსიის წამოწყებას იმიგრანტთა ეკონომიკური ინტეგრაციის თემაზე, კერძოდ კი, უცხოელთა საქართველოში ეკონომიური ინტეგრაციის კონკრეტულ ინდიკატორებზე და მათი გაზომვის გზებსა და წყაროებზე. შეხვედრაში, რომელიც ინიცირებულ იქნა და ჩატარდა მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოს მიერ, მონაწილეობა მიიღეს როგორც კომისიის წევრმა უწყებებმა, ასევე სხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც მუშაობენ (იმიგრანტთა) სტატისტიკის, შრომისა და დასაქმების, უცხოელთათვის ბინადრობის ნებართვების გაცემისა და მათთვის სხვადასხვა სტატუსის მინიჭების, ქონების და ბიზნესსაქმიანობის რეგისტრაციის, საზღვარგარეთ მიღებული ცოდნის და კვალიფიკაციების აღიარებისა და სხვა შესაბამის საკითხებზე.

შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ საქართველოში მობინადრე უცხოელთა სტატისტიკას (მოსახლეობის ბოლო აღწერის მონაცემებზე დაყრდნობით), უცხოელთა ინტეგრაციის საერთაშორისო პრაქტიკას და საქართველოში მცხოვრებ ლტოლვილთა, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა და თავშესაფრის მაძიებელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის კვლევის შედეგებს. ამის შემდგომ, მუშაობა წარიმართა მცირე სამუშაო ჯგუფების ფორმატში, სადაც მონაწილეებმა განიხილეს იმიგრანტთა ეფექტური ეკონომიკური ინტეგრაციის საჭიროებები, ქვეყანაში არსებული რესურსები და შესაბამისი მონაცემების მოპოვების სხვადასხვა წყაროები.

უცხოელთა ინტეგრაცია, როგორც მიგრაციისა და განვითარების მრავალგანზომილებიანი კონტექსტის ერთ-ერთი კომპონენტი, წარმოადგენს საქართველოს 2016-2020 წლების მიგრაციის სტრატეგიით განსაზღვრულ ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას.

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი