ტრენინგი შრომითი მიგრაციის საკითხებზე

2017 წლის 17-19 ოქტომბერს, მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნომ / სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ უმასპინძლა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ, მსსკ-ს სამდივნოს ტექნიკური ხელშეწყობით ორგანიზებულ ტრენინგს შრომითი მიგრაციის საკითხებზე, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მსსკ-ს წევრი უწყებების (მათ შორის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს), საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტისა და დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტის, სახალხო დამცველის ოფისის, და დასაქმების კერძო სააგენტოთა წარმომადგენლებმა.

ტრენინგის მონაწილეებმა, თეორიული მასალისა და კონკრეტული შემთხვევების მაგალითებზე, განიხილეს კარგად მართული შრომითი მობილობის მნიშვნელობა და ზეგავლენა, შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემები და მათი ქართული ანალოგი, და აღნიშნული სისტემის მიერ გენერირებული ინფორმაციის ანალიზის ასპექტები ინფორმირებული პოლიტიკური გადაწყვეტილებების მისაღებად. ფულადი გზავნილების პროდუქტიული გამოყენებისა და დიასპორის ჩართულობის საკითხების პარალელურად, განხილულ იქნა პოტენციურ მიგრანტთა სამიზნე ჯგუფზე ფოკუსირებული კომუნიკაციის სტრატეგიები, რაც, შესაძლებლობის შემთხვევაში, სასურველია მიგრანტებს გაჰყვეს შრომითი მიგრაციის სრული ციკლის განმავლობაში. საზღვარგარეთ დასაქმების პროცესთან დაკავშირებული რისკებისა და ხარვეზების პარალელურად, ასევე განხილულ იქნა ეთიკური დაქირავების პრინციპები მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ინიცირებული, სამუშაო ძალის საერთაშორისო დაქირავების ეთიკური სისტემის (IRIS) მაგალითზე.

3-დღიანი სწავლება წარმოადგენს რიგით მესამე მიზნობრივ ტრენინგს შრომითი მიგრაციის საკითხებში, რომელიც ჩატარდა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ პოლონეთსა და ესტონეთში ქართველი შრომითი მიგრანტების დროებითი დასაქმების საცდელი პროექტის მიმდინარეობის პარალელურად და რომელიც მიმართულია სქტორული პოლიტიკის შემუშავებაზე პასუხისმგებელ სამთავრობო უწყებათა შესაძლებლობების ზრდისკენ.

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი