მიგრაციის სტატისტიკის გაუმჯობესების შესახებ მრგვალი მაგიდის შეხვედრა გაიმართა

მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის (მსსკ) სამდივნოს ორგანიზებით 2017 წლის 26 ივლისს გაიმართა მრგვალი მაგიდის შეხვედრა თემაზე - „ვინ ითვლება იმიგრანტად საქართველოში?“ ღონისძიების ძირითადი მიზანი იყო დისკუსიის წამოწყება საქართველოში იმიგრაციის სტატისტიკის წარმოების გაუმჯობესების და იმიგრანტის ცნების ოპერაციონალიზაციის შესახებ.

იმიგრანტის განმარტების საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლა, შედარება და საქართველოსთვის ყველაზე რელევანტური მოდელ(ებ)ის შერჩევის საჭიროება მიგრაციის ერთიანი ანალიტიკური სისტემის (მეას) შექმნის და ქვეყნის მიგრაციის პროფილის განვითარების პარალელურად გაჩნდა. მეას-ი საქართველოს სახელმწიფო უწყებების მიერ საქართველოში უცხოელების შემოსვლისა და ყოფნის ამსახველ მონაცემებს აერთიანებს იმიგრაციის სტატისტიკის გაუმჯობესების და ტენდენციების ანალიზის მიზნით. აღსანიშნავია, რომ სამომავლოდ მეას-ი მიგრაციის პროფილისთვის იმიგრაციის მონაცემების ერთ-ერთი ძირითადი წყაროდ მოიაზრება.

შეხვედრაზე საქსტატის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა მიმოიხილეს იმიგრანტის (ფინანსთა სამინისტროს შემთხვევაში, რეზიდენტის) სტატუსის განსაზღვრის შიდაუწყებრივი მეთოდოლოგია. გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელმა ისაუბრა ლტოლვილისა და იმიგრანტის სტატუსის თავისებურებებზე და აქედან გამომდინარე, შესაბამისი სტატისტიკის წარმოების განსხვავებულ საერთაშორისო მიდგომებზე. მსსკ-ს სამდივნოს წარმომადგენელმა განიხილა საერთაშორისო ორგანიზაციების და ცალკეული ქვეყნების მიერ გამოყენებული მიგრაციის სტატისტიკის წარმოების სხვადასხვა მიდგომები და არსებული ქართული პრაქტიკა.

პრეზენტაციების შემდგომ იმიგრანტის შესაძლო დეფინიცი(ებ)ის განსაზღვრის და შერჩევის მიზნით გაიმართა დისკუსია და ჯგუფური სამუშაო, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, კვლევითი ინსტიტუტების და აკადემიის წარმომადგენლებმა.

ღონისძიება გაიმართა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის მდგრადი და ეფექტიანი ფუნქციონირების ხელშეწყობა“ ფარგლებში.

RT 2 ჯგუფური მუშაობა

ლეგალური ემიგრაციის გზამკვლევი

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი

მიგრაციის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი