„პარტნიორობა მობილობისთვის“ ინიციატივის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა

იუსტიციის მინისტრმა „ადგილობრივი თანამშრომლობის პლატფორმის“ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ევროკავშირი-საქართველოს ინიციატივის − „პარტნიორობა მობილობისთვის“ − ფარგლებში 2017 წლის 9 ივნისს ქ. თბილისში გაიმართა. ინიციატივის მიზანი მიგრაციის საკითხებზე ევროკავშირთან თანამშრომლობის განვითარება, მიგრაციის ნაკადების მართვისა და ლეგალური მიმოსვლის შესაძლებლობების გაუმჯობესება და არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის გააქტიურებაა.

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, შეხვედრის ძირითადი თემა ლეგალური მიგრაციის ხელშეწყობა იყო: „დღეს გვაქვს შეხვედრა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, ევროკომისიასთან იმასთან დაკავშირებით, რომ ვიზალიბერალიზაცია, რომელიც დღეს უკვე რეალობაა ჩვენი მოქალაქეების ცხოვრებაში, იყოს უფრო უკეთესად გაგებული იმ ჭრილში, რასაც ჰქვია ლეგალური მიგრაციის ხელშეწყობა და არალეგალური მიგრაციის დამარცხება, რადგანაც არალეგალური მიგრაციის მოსურნე მოქალაქეები აუცილებლად არიან ხოლმე სხვადასხვა დანაშაულის და გაჭირვების მსხვერპლი მასპინძელ ქვეყნებში, აუცილებლად მოკლე თუ ხანგრძლივი პერიოდის ბოლოს ექვემდებარებიან დეპორტაციას ევროკავშირის ქვეყნებიდან და მათ უკვე ეკეტებათ გზა, შებრუნდნენ ევროკავშირის სივრცეში. ამიტომაც ჩვენი მიზანია, ევროკავშირთან ერთად ხელი შევუწყოთ ლეგალურ, ანუ კანონიერ პროცესებს“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრმა ლეგალური მიგრაციის ხელშეწყობის გზებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ამ პროცესისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ტურიზმის, სასკოლო და სტუდენტური პროგრამების ხელშეწყობა და „ცირკულარული მიგრაცია“.

„ცირკულარული მიგრაცია ნიშნავს იმას, რომ ჩვენი კომპეტენტური მუშახელი ლეგალურად ჩავიდეს ევროკავშირის ქვეყნებში, იქ შეიძინოს პროფესიული გამოცდილება იმ სფეროებში, რომელი სფეროებიც ყველაზე მნიშვნელოვნად არის მიჩნეული და მუშახელის ნაკლებობას განიცდის ევროკავშირის ქვეყნები, და შემდეგ უკან დაბრუნდეს, რომ საქართველოს მოახმაროს იქ შეძენილი კომპეტენციები. ამისათვის საჭიროა ამ ქვეყნებთან ურთიერთობა. ამ თანამშრომლობის ინსტრუმენტია დღევანდელი შეხვედრა“, − დასძინა თეა წულუკიანმა.

ღონისძიება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით გაიმართა. მასში მონაწილეობენ სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე; საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ელჩი იანოშ ჰერმანი; ევროკავშირის შესაბამისი ინსტიტუციების (DG Home, DG Near, EEAS/ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში), „პარტნიორობა მობილობისთვის“ დეკლარაციაზე ხელმომწერი ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოების, მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის წევრი უწყებების, პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი