ევროკავშირის სავიზო და შენგენის საინფორმაციო სისტემების თაობაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

2017 წლის 6 ივნისს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოს ინიციატივით გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელიც მიეძღვნა ევროკავშირის სავიზო (VIS) და მეორე თაობის შენგენის (SIS II) საინფორმაციო სისტემების შესახებ რეგულაციების იმპლემენტაციას.

სამუშაო შეხვედრას უძღვებოდნენ ექსპერტები სლოვენიის საგარეო და შინაგან საქმეთა სამინისტროებიდან. საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მიმოიხილა ევროკავშირის სავიზო საინფორმაციო სისტემის ძირითადი მახასიათებლები, კერძოდ თუ როგორ ხდება მონაცემების შეყვანა და გამოყენება წევრი ქვეყნების მიერ, ასევე სისტემის მართვასთან დაკავშირებული ტექნიკური და სამართლებრივი მხარეები. ხოლო, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ისაუბრა მეორე თაობის შენგენის საინფორმაციო სისტემის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ტექნიკურ ასპექტებზე, კერძოდ, სისტემის მეშვეობით მონაცემთა დამუშავებისა და გაცვლის მექანიზმებზე. ამავე ექსპერტის მიერ წარმოდგენილი იქნა პრეზენტაცია ევროკავშირის მგზავრთა საინფორმაციო და ავტორიზაციის სისტემის (ETIAS) შექმნის მიზანზე და მის სამომავლო ფუნქციებზე. აღინიშნა, რომ სისტემის სრულყოფილად ამოქმედება ევროკავშირის მიერ იგეგმება 2020 წლიდან და იგი გავრცელდება შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლის უფლების მქონე მესამე ქვეყნის მოქალაქეებზე.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა.

სამუშაო შეხვედრის ორგანიზაციულ-ტექნიკური მხარდაჭერა განახორციელდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „მიგრაციის მართვის გაძლიერება საქართველოში“ (ENIGMMA) ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი (ICMPD).

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი