ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევის მეორე გამოცემა მომზადდა

guid imi

2015 წელს მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის (მსსკ) ფარგლებში შემუშავდა ლეგალური იმიგრაციის პირველი გზამკვლევი, რომელიც მსსკ-ს წევრი სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების და არასამთავრობო თუ საერთაშორისო ორგანიზაციების ვებ-გვერდებზე გამოქვეყნებიდან სულ მალე გახდა ერთ-ერთი ძირითადი საინფორმაციო რესურსი იმიგრანტებისთვის და სხვა დაინტერესებული პირებისთვის.

მსსკ-ს სამდივნო ლეგალური იმიგრაციის ხელშეწყობის მიზნით, განაგრძობს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართულ ღონისძიებებს, რომელიც თავის მხრივ გათვალისწინებულია საქართველოს 2016-2020 წლების მიგრაციის სტრატეგიით და მისი სამოქმედო გეგმით. ხსენებული სტრატეგიის ფარგლებში სამდივნოს მიერ მომზადდა ამ გზამკვლევის მეორე განახლებული გამოცემა.

ხსენებულ გამოცემაში ცვლილებები ძირითადად შეეხო სავიზო და ბინადრობის ნებართვებთან დაკავშირებულ ინფორმაციას, საქართველოში საერთაშორისო დაცვის განახლებულ რეგულაციებს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების პროგრამებს და სასარგებლო რჩევების სექციას, რომელიც განკუთვნილია იმიგრანტებისთვის.

გზამკვლევის ინგლისური ვერსია მზადების პროცესშია და ხელმისაწვდომი იქნება მალე.

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი