შემაჯამებელი შეხვედრა ქ-ნ ქეთლინ ნიულენდთან მიგრაციისა და განვითარების საკითხებზე

2017 წლის 10 აპრილს მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოს ორგანიზებით და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით შედგა კომისიის წევრი შესაბამისი უწყებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა შემაჯამებელი შეხვედრა მიგრაციის პოლიტიკის ინსტიტუტის უფროს მეცნიერთან, ქ-ნ ქეთლინ ნიულენდთან.

აღნიშნულ შეხვედრას წინ უძღოდა ინდივიდუალური შეხვედრები სამიზნე უწყებებთან, დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, რომელთა მიზანს, საქართველოს 2016-2020 წლების მიგრაციის სტრატეგიის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულების შესაბამისად, საქართველოში მიგრაციისა და განვითარების კუთხით არსებულ საჭიროებათა და შესაძლებლობათა შესწავლა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება წარმოადგენდა. ინდივიდუალური შეხვედრებისას განხილულ იქნა საკითხები, როგორიცაა ლეგალური შრომითი მიგრაციის ხელშეწყობა, განათლების ინტერნაციონალიზაცია და აღიარების საკითხები, ეროვნული ბანკის პოლიტიკა და კომერციული ბანკების საქმიანობა მიგრანტთა ფულადი გზავნილების მიმართულებით, რეგიონული განვითარების საკითხები და დიასპორული ინვესტიციების ხელშეწყობა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, სოფლის მეურნეობის სამინისტროს და შესაბამისი სსიპ-ების მიერ შემუშავებული სახელმწიფო პროგრამები და მათი მიგრანტებზე მორგების შესაძლებლობები და ა.შ. შედეგად, შემაჯამებელ შეხვედრაზე ექსპერტმა წარმოადგინა მიგრაციისა და განვითარების ჭრილში საქართველოს კონტექსტის ამსახველი ინფორმაცია და პირველადი რეკომენდაციები სამი ძირითადი მიმართულებით: ფულადი გზავნილები, დიასპორის ჩართულობა და ცირკულარული მიგრაცია. მომდევნო ეტაპზე ექსპერტი წარმოადგენს საქართველოს შესაბამის უწყებებთან შეხვედრებისა და შესაბამისი დასკვნების ამსახველ დეტალურ ანგარიშს.

ექსპერტთან წარმართული მუშაობა ხელს შეუწყობს მიგრაციის სტრატეგიის მომდევნო წლების სამოქმედო გეგმის აქტივობების განსაზღვრას მიგრაციისა და განვითარების მიმართულებით და გამოვლენილი პოტენციალისა და შესაბამისი მზაობის შემთხვევაში, დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობის გაზრდას აღნიშნული მიმართულებით.

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი