OECD-ის კვლევის ანგარიშის პრეზენტაცია

2017 წლის 28 მარტს, მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოს ორგანიზებით, თბილისის იუსტიციის სახლში შედგა ევროპის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციისა (OECD) და კავკასიის კვლევითი რესურსცენტრის მიერ ერთობლივად ჩატარებული კვლევის ანგარიშის - “ურთიერთკავშირი საჯარო პოლიტიკას, მიგრაციასა და განვითარებას შორის” - პრეზენტაცია. ევროკომისიის მიერ მხარდაჭერილი კვლევა მიმდინარეობდა ოთხი წლის განმავლობაში და მოიცვა 2,260 შინამეურნეობა ქვეყნის მასშტაბით. შედეგად, შესწავლილ იქნა კავშირი მოსახლეობის მიგრაციასა და სახელმწიფო პოლიტიკის სხვადასხვა სექტორს (შრომის ბაზარი, სოფლის მეურნეობა, განათლება და ინვესტიციები / ფინანსური სერვისები) შორის და გაანალიზდა, თუ რა გავლენას ახდენს არსებული სექტორული პოლიტიკა მიგრაციის შედეგებზე, მათ შორის, ემიგრაციისა თუ დაბრუნების გადაწყვეტილებაზე, და შესაბამისად, ფულადი გზავნილების ოდენობასა და მოდალობაზე.

კვლევის ანგარიშის კონცეპტუალური და მეთოდოლოგიური ასპექტების წარმოდგენის შემდგომ მუშაობა წარიმართა სამუშაო ჯგუფებში, რომლებშიც განხილულ იქნა კვლევის შედეგად წარმოდგენილი რეკომენდაციები და გაიმართა დისკუსია სამიზნე უწყებების მონაწილეობით. დამსწრეებმა იმსჯელეს წარმოდგენილი რეკომენდაციების ირგვლივ და აღნიშნეს შესაბამის დარგებში ქვეყნის მიერ უკანასკნელ ხანს მიღწეული პროგრესისა და იმ ქმედებების შესახებ, რაც უზრუნველყოფს მიგრაციის და განვითარების პოლიტიკაში სხვა მომიჯნავე სფეროების ჩართვას.

კვლევა წარმოადგენდა ნაწილს მსხვილი კონსოლიდირებული პროექტისა, რომელმაც, საქართველოს გარდა, მოიცვა კიდევ 9 ქვეყანა: ბურკინა-ფასო, დომინიკელთა რესპუბლიკა, კამბოჯა, კოსტა-რიკა, კოტ-დ’ივუარი, მაროკო, სომხეთი, ფილიპინები და ჰაიტი.

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი