ევროკავშირის საბჭომ საქართველოსთან ვიზა-ლიბერალიზაციის შესახებ რეგულაცია გამოაქვეყნა*

2017 წლის 8 მარტს ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდა 539/2001 რეგულაციის ცვლილება, რომლის თანახმად საქართველომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მქონე ქვეყნების სიაში გადაინაცვლა. რეგულაცია ძალაში შედის გამოქვეყნებიდან 20 დღეში. შესაბამისად, 2017 წლის 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ უვიზოდ გაემგზავრონ ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში მოკლევადიანი ვიზიტით.

უვიზო მიმოსვლით საქართველოს მოქალაქეებისათვის ხელმისაწვდომი გახდება ახალი შესაძლებლობები, რომლებიც უკავშირდება დაუბრკოლებლად მოგზაურობას ევროპის ქვეყნებში, ამ ქვეყნების უკეთ გაცნობას და კონტაქტების დამყარებას. უვიზო მიმოსვლის შემოღება ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას, ბიზნეს-კავშირების გაღრმავებას, სტუდენტების მოკლევადიანი გაცვლითი პროგრამების გააქტიურებას და პარტნიორული კავშირების ჩამოყალიბებას. უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული ყველა სარგებელი ხელმისაწვდომი იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისათვის.

უვიზო მიმოსვლის შემოღება მნიშვნელოვანი წარმატებაა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე და კიდევ უფრო აახლოებს საქართველოს ევროპასთან. ეს შედეგი ადასტურებს, რომ ევროკავშირი თავისი პრინციპებისა და დანაპირების ერთგულია და პარტნიორი ქვეყნის ძალისხმევას შემხვედრი ნაბიჯებით პასუხობს. ყოველივე ეს საქართველოს მთავრობისთვის დამატებითი ბიძგის მიმცემია საკანონმდებლო და ინსტიტუციონალური რეფორმების გასაგრძელებლად.

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქე განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეკიდოს საკუთარ ვალდებულებებს და ზედმიწევნით დაიცვას ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ვადები და პირობები.

*საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი