სასწავლო კურსი დოკუმენტების უსაფრთხოებაზე ლტოლვილთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის

2016 წლის 1 დეკემბერს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში გაიმართა დოკუმენტების უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილი სამდღიანი სასწავლო კურსის დამასრულებელი ნაწილი. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა სამინისტროს მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა დეპარტამენტის წარმომადგენელთათვის განკუთვნილი კურსი ჩატარდა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ხელშეწყობით.

ღონისძიების პირველ ორ დღეს უმასპინძლა შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიამ, ძირითადი ფოკუსით საერთაშორისო სამგზავრო დოკუმენტების უსაფრთხოებაზე. მესამე დღეს კი, მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოს ხელშეწყობით თანაორგანიზებული შეხვედრა მიეძღვნა სამოქალაქო სტატუსის დოკუმენტების მიმოხილვასა და ნამდვილობის დადგენის საკითხებს. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესაბამისი სამსახურების ჩართულობით გამართული ამ შეხვედრის დროს, ტრენინგის მონაწილები გაეცნენ სააგენტოში დანერგილ სიახლეებს დოკუმენტების წარმოების კუთხით, მიმოიხილეს სამოქალაქო სტატუსის დოკუმენტების ძირითადი მახასიათებლები და სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელეს საერთო კომპეტენციათა სფეროში შემავალ საკითხებზე მუშაობისას არსებული გამოწვევების შესახებ.

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი