ეუთო-ს ტრენინგი მიგრანტთა ინტეგრაციის საკითხებზე

2016 წლის 3-4 ნოემბერს თბილისის იუსტიციის სახლში, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (OSCE/ODIHR), მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოსა და შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს ხელშეწყობით მართავს ტრენინგს მიგრანტთა ინტეგრაციის საკითხებზე. ტრენინგში მონაწილეობენ მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის უცხოელთა ინტეგრაციის სამუშაო ჯგუფის წევრი სახელმწიფო უწყებების და საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ტრენინგი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზეა ფოკუსირებული და მისი მიზანია, ეუთო-ს წევრ სახელმწიფოებს მიგრანტთა ინტეგრაციის კუთხით ეუთო-ს ვალდებულებების ეფექტიანად განხორციელებაში შეუწყოს ხელი, ასევე დაეხმაროს ამ სფეროში მომუშავე საჯარო მოხელეთა და არასამთავრობო ორგანიზაციათა ცნობიერების ამაღლებას მიგრანტთა (მათ შორის ლტოლვილთა) ინტეგრაციის საკითხებზე.

ტრეინინგზე ყურადღება გამახვილდება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: მიგრანტთა ინტეგრაციის კონცეფცია და ეუთო-ს ვალდებულებები, მიგრანტთა/ლტოლვილთა კულტურული და სამოქალაქო ინტეგრაცია, მიმღები ქვეყნის შრომის ბაზრის და განათლების სისტემის ხელმისაწვდომობა, მოქალაქეობის საკითხები და სხვა.

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი, მსგავსი ტიპის ტრენინგებს რეგულარულად ატარებს ეუთო-ს წევრ ქვეყნებში.

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი