მიგრაციის რისკების ანალიზის საკითხებზე სასწავლო ვიზიტი შედგა

2016 წლის 17-19 ოქტომბერს, ბულგარეთში ქ. სოფიაში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „მიგრაციის მართვის გაძლიერება საქართველოში“ (ENIGMMA) ფარგლებში მიგრაციის რისკების ანალიზის სამუშაო ჯგუფისთვის სასწავლო ვიზიტი შედგა. სასწავლო ვიზიტი ორგანიზებული იყო მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მიერ, ბულგარეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ბულგარეთში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით. მიგრაციის რისკების ანალიზის სამუშაო ჯგუფი მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის ფარგლებში ფუნქციონირებს. სამუშაო ჯგუფის საქმიანობას კოორდინაციას უწევს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ხოლო მის შემადგენლობაში, შედიან: იუსტიციის სამინისტრო (სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო); სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური; საგარეო საქმეთა სამინისტრო; შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატი. სასწავლო ვიზიტის მიზანი იყო საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებაზე დაყრდნობით, მიგრაციის რისკების ანალიზის ერთიანი მეთოდოლოგიის შემუშავების ხელშეწყობა, რომელიც მიგრაციის ყველა მიმართულებას უნდა მოიცავდეს.

სასწავლო ვიზიტი დაიწყო ბულგარეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში სტუმრობით, სადაც შეხვედრა შედგა შემდეგ საქვეუწყებო დაწესებულებებთან: სასაზღვრო პოლიციის გენერალურ დირექტორატი, მიგრაციის და ინტეგრაციის ეროვნული საბჭოს სამდივნო, ანალიზისა და პოლიტიკის დირექტორატი, ევროკავშირის და სართაშორისო თანამშრომლობის დირექტორატი მიგრაციის და ლტოლვილთა სახელმწიფო სააგენტო. ამასთან ერთად, დელეგაციის წევრები დაესწრნენ დამატებით შეხვედრებს საგარეო საქმეთა სამინისტროში და შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დასაქმების სააგენტოში. შეხვედრების დროს განხილული იქნა ცალკეული სპეციფიური საკითხები, მათ შორის სხვადასხვა უწყებებში არსებული რისკების ანალიზის მეთოდოლოგია, ანალიტიკური პროდუქტების კატალოგები და რეკომენდაციების განხორციელების მონიტორინგის მექანიზმები.

ლეგალური ემიგრაციის გზამკვლევი

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი

მიგრაციის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი