უკანონო მიგრაციის პრევენციის საინფორმაციო კამპანია

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) საქართველოს მისია, ბელგიის სამეფოს საიმიგრაციო სამსახურის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს უკანონო მიგრაციის პრევენციის საინფორმაციო კამპანიას, რომლის მიზანია საქართველოს მოსახლეობის ჯეროვანი ინფორმირება უკანონო მიგრაციის რისკებისა და საფრთხეების, და ლეგალური მიგრაციის უპირატესობის შესახებ. ასევე, დეტალური განმარტების მიწოდება ევროკავშირის ქვეყნებში, განსაკუთრებით კი ბელგიის სამეფოში თავშესაფრის მოთხოვნის საკითხებზე.

საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ჩაატარებს კონკურსს ჟურნალისტებისთვის, თავშესაფრის, უსაფრთხო მიგრაციისა და მასთან დაკავშირებული რისკების შესახებ საუკეთესო ბეჭდური სტატიის, ხოლო სკოლის მოსწავლეებისთვის - საუკეთესო ესეს გამოვლენის მიზნით.

2016 წლის 3 აგვისტოს ბელგიამ გამოაქვეყნა უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნების სია, რომელშიც შესულია: ალბანეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია, კოსოვო, მონტენეგრო, სერბეთი, ინდოეთი და საქართველო. ბელგიის სამეფოს გარდა საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში ასევე შეიყვანა ევროკავშირის წევრმა სხვა სახელმწიფოებმაც: საფრანგეთი, ბულგარეთი და ავსტრია. უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნების სიაში საქართველოს შეყვანა ნიშნავს იმას, რომ საქართველო შეფასებულია, როგორც უსაფრთხო ქვეყანა, სადაც ადამიანებს (უპირველესად საქართველოს მოქალაქეებს) არ ემუქრებათ რასის, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულების გამო დევნის საფრთხე. გამომდინარე იქიდან, რომ არ არსებობს საქართველოს მოქალაქეთათვის საერთაშორისო დაცვის გარდაუვალი საჭიროება და საქართველო აღიარებულია უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნად, ევროკავშირის ზემოხსენებულ სახელმწიფოებში საქართველოს მოქალაქეთა მიერ სხვადასხვა მიზეზით თავშესაფრის მოთხოვნის განაცხადები ჩაითვლება უსაფუძვლოდ.

უსაფრთხო მიგრაციის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ, ქართულ მხარესთან თანამშრომლობით, მომზადდა ფლაერი, რომელიც, აღნიშნული კამპანიის ფარგლებში, ასევე განთავსდა თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, თელავისა და გორის იუსტიციის სახლებში.

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი