ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

2016 წლის 17 სექტემბერს, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“, ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოს ორგანიზებით, ასევე, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით IATA-ს წევრი ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებისათვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრა გახსნა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ, პაპუნა შენგელაიამ. ასევე, მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ქეთევან ჩაჩავამ და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კვლევებისა და დაგეგმვის სამმართველოს უფროსმა გიორგი ბრეგაძემ.

შეხვედრაზე, განხილულ იქნა საქართველო-ევროკავშირის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საინფორმაციო კამპანიის მიმდინარეობა და აქტუალური საკითხები, ასევე საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ შეთანხმება. შეხვედრის ფარგლებში, სახელმწიფო უწყებების შესაბამისმა დარგობრივმა ექსპერტებმა მონაწილეებს დეტალურად გააცნეს ევროკავშირთან მომავალი უვიზო რეჟიმის პირობებში საქართველოს მოქალაქეების უფლებები და მოვალეობები.

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი