მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართა

ევროკავშირისა და ლტოლვილთა დანიის საბჭოს საორგანიზაციო–ტექნიკური მხარდაჭერით, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის მეექვსე რიგგარეშე სხდომა გაიმართა.

შეხვედრა, კომისიის შესაძლებლობათა გაზრდის მიზნით, ევროკავშირის მხარდაჭერით სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში მოქმედი სამდივნოს მიერ იყო ორგანიზებული.

ღონისძიებას, კომისიის წევრებთან ერთად, საქართველოში მიგრაციის სფეროში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის თავმჯდომარეობით, შეხვედრაზე განიხილეს ისეთი საკითხები, როგორებიცაა: სამდივნოს ანგარიში გაწეულ საქმიანობაზე, მიგრაციის სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის პროექტები, სავიზო პოლიტიკა, არასამთავრობო ორგანიზაციების როლი კომისიის საქმიანობაში და ა.შ.

კომისიაში საკონსულტაციო სტატუსის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მონაწილეებს გააცნეს მიმდინარე პროექტები და სამომავლო გეგმები.

„ჩვენ დღეს კიდევ ერთხელ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ განვიხილოთ მომავალი წლების სამოქმედო გეგმა. მთავრობა დღედღეზე დაამტკიცებს ჩვენი ქვეყნის მიგრაციის სტრატეგიას, რომელზეც ჩვენთან ერთად ევროკავშირი მუშაობდა. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მათ გაწეული დახმარებისთვის დიდი მადლობა გადავუხადო. ჩვენი მიგრაციის სტრატეგია უნდა იყოს ეროვნულ ინტერესებზე და საერთაშორისო სტანდარტებზე მორგებული. ჩვენ ეს ეტაპი უნდა გავიაროთ იმისთვის, რომ წარმატებით დავასრულოთ ერვოკავშირთან მოლაპარაკებები,“–განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი