გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

2016 წლის 18 ივლისს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) შორის გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი შრომითი მიგრაციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ, რომელსაც ხელი მოაწერეს, ერთი მხრივ, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ვალერი კვარაცხელიამ, ხოლო მეორე მხრივ, GIZ-ის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა მარია შეფერმა და GIZ-ის პროგრამის „მიგრაცია განვითარებისთვის“ დირექტორმა რალფ ზანფტენბერგმა.

ურთიერთთანამშრომლობა ემყარება ევროკავშირისა და გერმანიის თანამშრომლობის და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ ერთობლივად დაფინანსებული პროექტის „ევროკავშირის პარტნიორობა მობილურობისათვის განვითარების პოტენციალის გაძლიერება საქართველოში მიზნობრივი ცირკულარული მიგრაციისა და დიასპორის მობილიზების გზით“ ფარგლებში შეძენილ გამოცდილებას, რომელიც განხორციელდა 2013-2016 წლებში GIZ-ის პროგრამა „მიგრაცია განვითარებისთვის“, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეთა ასოციაციის მიერ ერთობლივად და რომლის მიზანი იყო პარტნიორობა მობილურობისთვის დეკლარაციით გათვალისწინებული განვითარების პოტენციალის გამოყენება მიგრანტების, გამგზვნი და მიმღები ქვეყნების სასარგებლოდ. პროექტის მიმდინარეობის შედეგად შემუშავდა და გამოიცადა საქართველოსა და გერმანიის საჭიროებებზე მორგებული კვალიფიცირებული ცირკულარული მიგრაციის საპილოტე სქემა.

ურთიერთგაგების მემორანდუმი მიზნად ისახავს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაძლებლობათა გაზრდას თანმიმდევრული და განვითარებაზე ორიენტირებული შრომითი მიგრაციის და შრომის მართვის უზრუნველყოფის კუთხით. თანამშრომლობა განხორციელდება შრომითი მიგრაციის პოლიტიკის საკითხებში ექსპერტული კონსულტაციის გაწევის გზით, რაც მიმართულია სამინისტროს შესაძლებლობათა ზრდისკენ შესაბამისი პოლიტიკის შემუშავების, შრომითი მიგრაციის შესახებ კანონის განხორციელების ხელშეწყობის, შრომითი მიგრაციის მონაცემთა ბაზის და მისი მართვის მეთოდოლოგიების შემუშავების კუთხით.

ლეგალური ემიგრაციის გზამკვლევი

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი

მიგრაციის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი