მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართა

თბილისის იუსტიციის სახლში 2016 წლის 13 ივლისს მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის რიგით მე-17 პლენარული სხდომა გაიმართა. სხდომას იუსტიციის მინისტრი, მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანი უძღვებოდა.

შეხვედრაზე ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში მიგრაციის სფეროში გრძელვადიანი ამოცანების შესრულების მდგომარეობა განიხილეს. გარდა ამისა, სხდომის მონაწილე მხარეებმა კომისიის ფარგლებში მოქმედი და ახლად ჩამოყალიბებული სამუშაო ჯგუფების მიერ ბოლო სამი თვის საქმიანობის ანგარიში მოისმინეს.

აღსანიშნავია, რომ მიგრაციის კომისიის ფარგლებში შემუშავდა მიგრაციის მარეგულირებელი საკანონმდებლო რეფორმები, რომელიც გასული წლის დეკემბერში დადებითად შეფასდა ევროკომისიის მიერ და ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მინიჭების შესახებ მომზადებულ დასკვნაში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა.

მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია 2010 წლის ოქტომბერში შეიქმნა. ის მთავრობის სათათბირო ორგანოა, რომელიც მსჯელობს და გადაწყვეტილებებს იღებს მიგრაციის მართვასთან დაკავშირებულ სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე. კომისია 13 სახელმწიფო უწყებას აერთიანებს და მას იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს.

ლეგალური ემიგრაციის გზამკვლევი

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი

მიგრაციის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი