ცირკულარული მიგრაციის პროექტის დასკვნითი კონფერენცია

2016 წლის 26 აპრილს თბილისში, სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“ პროექტის - ,,ევროკავშირის პარტნიორობა მობილურობისთვის განვითარების პოტენციალის გაძლიერება საქართველოში ცირკულარული მიგრაციისა და დიასპორის მობილიზაციის გზით“ - დასკვნითი კონფერენცია გაიმართა, რომლის ფარგლებშიც პროექტის განმახორციელებელმა პარტნიორებმა და პროექტის ბენეფიციარებმა შეაჯამეს პროექტის შედეგები, მიღწევები, გამოცდილება და იმსჯელეს სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე.

ევროკავშირის პროექტის ძირითად მიზანს წარმოადგენდა საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერება ინიციატივა „პარტნიორობა მობილურობისთვის“ განვითარების პოტენციალის გამოსაყენებლად მიგრანტების, წარმოშობისა და დანიშნულების ქვეყნებისთვის სარგებლის მოტანის მიზნით, ასევე სახელმძღვანელო მითითებებისა და საუკეთესო პრაქტიკის მაგალითების იდენტიფიცირება ევროკავშირის „პარტნიორობა მობილურობისთვის“ ფარგლებში შემუშავებული სხვა ინიციატივებისთვის.

პროექტის ძირითადი აქტივობები მოიცავდა: გერმანია-საქართველოს შორის ცირკულარული მიგრაციის სქემის გამოცდას, მიგრაციის პოლიტიკის შემუშავებაში მხარდაჭერას, დიასპორის მობილიზაციისა და ბიზნეს იდეების მხარდაჭერის კომპონენტს, საუკეთესო პრაქტიკის მაგალითების გამოვლენას. პროექტის ფარგლებში მიღწეულ იქნა შემდეგი შედეგები: 28 სპეციალისტი (სასტუმრო/სარესტორნო საქმე, საექთნო სფერო) დროებით დასაქმდა გერმანიაში კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, 55 ქართული დიასპორის წევრი გერმანიიდან დაბრუნდა და დასაქმდა საქართველოში, დაფუძნდა 5 საწარმო, შემუშავდა სახელმძღვანელო სხვა ინიციატივებისთვის. ამის გარდა, გაძლიერდა მიგრაციის პოლიტიკის შემუშავებაში ჩართული ქართული უწყებების შესაძლებლობები გრძელვადიანი და მოკლევადიანი საკონსულტაციო მომსახურების გზით, ასევე გერმანიაში და საქართველოში გამართული სხვადასხვა კონფერენციების, სემინარების, სასწავლო ვიზიტების, დიასპორისთვის გამართული დასაქმების ფორუმისა და სხვა ღონისძიებების საშუალებით.

დასკვნითი ღონისძიების დასასრულს, მედიის წარმომადგენელთათვის გაიმართა პრეს-კონფერენცია, რომელიც მიზნად ისახავდა მედიისთვის ინფორმაციის მიწოდებას პროექტის შედეგების და გერმანიასა და საქართველოს შორის დაგეგმილი თანამშრომლობის შესახებ შრომითი მიგრაციის მართვის საკითხებში.

პროექტი განხორციელდა (მაისი 2013 წ. - მაისი 2016 წ.) პარტნიორების: გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება GIZ / საერთაშორისო მიგრაციისა და განვითარების ცენტრი CIM, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო და საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის მიერ, ევროკავშირის და გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი