მეჯვრისხევის საზოგადოებრივ ცენტრში ევროპელ ჟურნალისტებთან შეხვედრა გაიმართა

6 აპრილს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის საზოგადოებრივ ცენტრში ევროპელ ჟურნალისტებთან ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა.

ევროკომისიის კონტრაქტორი ორგანიზაციის - European Journalism Centre - მიერ მოწვეულ ჟურნალისტებს მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოს აღმასრულებელმა მდივანმა გიორგი ჯაშმა და პროექტის - „ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში“ - დირექტორმა მარიამ ძაგნიძემ უმასპინძლეს.

შეხვედრაზე განსახილველ თემებს შორის იყო ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის კუთხით განხორციელებული სამუშაოები, მიმდინარე პროცესები და სამომავლო გეგმები. მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოს აღმასრულებელი მდივანი უცხოელ სტუმრებს ესაუბრა ასევე იუსტიციის სამინისტროს მიერ წამოწყებულ საინფორმაციო კამპანიაზე, რომელიც სამინისტროს მიერ პასპორტების გაცემისას ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის წესების შესახებ მოქალაქეთა ინფორმირებას ისახავს მიზნად.

ხსენებული კამპანიის ფარგლებში მომზადდა სპეციალური ბროშურა, რომელშიც უვიზო მიმოსვლის წესები და რეგულაციებია განმარტებული, რათა საქართველოს მოქალაქეს აღნიშნულ თემაზე საჭირო ინფორმაციის მიღება გაუმარტივდეს. იუსტიციის სახლის ფილიალებში, საზოგადოებრივ ცენტრებსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში პასპორტის აღებისას უკლებლივ ყველა მოქალაქეს გადაეცემა ბროშურა ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შესახებ; ოპერატორებმა კი სპეციალური ტრენინგი გაიარეს, რათა ბროშურაში აღწერილ ძირითად საკითხებზე მოქალაქეებს ადგილზე მისცენ განმარტებები.

ამავე შეხვედრის ფარგლებში, პროექტის დირექტორმა მარიამ ძაგნიძემ უცხოელ სტუმრებს სოფელ მეჯვრისხევის საზოგადოებრივი ცენტრი დაათვალიერებინა და ცენტრის მუშაობის სპეციფიკა გააცნო.

ევროპის ოცამდე ქვეყნის მედიასაშუალებების (Le Figaro, El pais, ANSA და ა.შ.) წარმომადგენლები საქართველოში ევროკავშირის დაფინანსებით 5 აპრილს ჩამოვიდნენ. გერმანიიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან, ავსტრიიდან, შვედეთიდან, პოლონეთიდან და სხვა ქვეყნებიდან მოწვეულ ჟურნალისტთა ჯგუფის საქართველოში ვიზიტი მიზნად ისახავს ევროპული პრესისთვის სამეზობლო ქვეყნების გაცნობას. ამავე ვიზიტის ფარგლებში გათვალისწინებულია შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტერაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან, ევროკავშირის ელჩთან, ჟურნალისტებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან. ასევე იგეგმება პენიტენციალური სისტემის გაცნობაც. ჟურნალისტთა ჯგუფი საქართველოს 7 აპრილს დატოვებს.

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი