დიასპორის კონფერენცია და დასაქმების ფორუმი გერმანიაში

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ქ. მაინის ფრანკფურტში, 11-12 მარტს დიასპორის კონფერენცია და დასაქმების ფორუმი „ხიდის შენება - ქართული დიასპორა განვითარებისთვის“ გაიმართა. საქართველოს დელეგაციას წარმოადგენდნენ საქართველოს სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში, ბატონი გელა დუმბაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, პროფესორი ლადო ჭანტურია, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, ქალბატონი ნინო კობახიძე, მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნო, საქართველოს სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლები, დამსაქმებლები სხვადასხვა სფეროებიდან, ასევე ქართველ მიგრანტთა ორგანიზაციები გერმანიიდან, ავსტრიიდან და ჩეხეთის რესპუბლიკიდან. დასაქმების ფორუმს გერმანიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისა და დიასპორის წევრების 100-მდე წარმომადგენელი ესტუმრა, რამაც ხაზი გაუსვა ღონისძიების მნიშვნელობას.

დიასპორის ჩართულობას ქვეყნის განვითარების საკითხებში უდიდესი როლი ენიჭება, რაც ასევე დიასპორის კონფერენციის მსვლელობისასაც აღინიშნა სახელმწიფო სექტორის წარმომადგენელთა მხრიდან. „ერთიანობა არის ის, რაც ჩვენ გვაძლიერებს - აქტიური კომუნიკაცია და დიალოგი გვეხმარება ერთმანეთთან დასაახლოვებელი ხიდის მშენებლობის საქმეში“ - აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა დიასპორის საკითხებში სიტყვით გამოსვლისას.

დასაქმების ფორუმზე გერმანიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს და დიასპორის წევრებს საშუალება მიეცათ შეხვედროდნენ დამსაქმებლებს საქართველოდან, რომლებიც წარმოადგენდნენ კერძო და საჯარო სექტორს, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, განთლების, მედიცინისა და სხვა სფეროებიდან. მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია საქართველოში დასაქმებისა და ბიზნესის დაფუძნების შესაძლებლობების შესახებ.

ღონისძიება ჩატარდა ევროკავშირის პროექტის ფარგლებში „ევროკავშირის პარტნიორობა მობილურობისათვის განვითარების პოტენციალის გაძლიერება საქართველოში მიზნობრივი ცირკულარული მიგრაციისა და დიასპორის მობილიზაციის გზით“, რომელიც მიმდინარეობს ევროკავშირის დაფინანსებით და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს თანადაფინანსებით (BMZ). პროექტს ახორციელებენ: გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ)/საერთაშორისო მიგრაციისა და განვითარების ცენტრი (CIM), სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო და საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია (GSMEA).

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი