ტრეინინგი ევროკავშირის/შენგენის სავიზო რეგულაციების შესახებ

2016 წლის 25 თებერვალს, თბილისში, სასტუმრო „რუმსში“ გაიმართა სპეციალიზირებული ტრეინინგი ევროკავშირის/შენგენის სავიზო რეგულაციების შესახებ, რომელსაც უძღვებოდა ავსტრიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სავიზო საკითხების მთავარი ექსპერტი, ბ-ნი კარლ-აუგსტ ლუქსი. ტრეინინგს ესწრებოდნენ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, იუსტიციის სახლის, საზოგადოებრივი ცენტრებისა და ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის, ასევე მიგრაციის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ღონისძიების მსვლელობისას განხილული იქნა ისეთი თემები, როგორებიცაა ევროკავშირის/შენგენის ერთიანი სავიზო პოლიტიკის სამართლებრივი ჩარჩო და არსებული პრაქტიკა, სავიზო აპლიკაციების დამუშავების ზოგადი პროცედურები და სავიზო ინფორმაციის სისტემა. შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის წესების განხილვას და შენგენის სივრცეში მოგზაურობის დაგეგმვისა და ყოფნის დღეების დასათვლელი ინსტრუმენტების (ე.წ. შენგენის კალკულატორი) მიმოხილვას.

ტრეინინგის მთავარი მიზანი იყო ე.წ. „ტრენერების“ მომზადება ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის საკითხებზე, რომლებიც შემდგომში ამ ინფორმაციას გადასცემენ საკუთარი ორგანიზიციის პერსონალს და მოსახლეობის სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებს. მოცემული ღონისძიება წარმოადგენდა ამ მიმართებაში საქართველოს მთავრობის საერთო საინფორმაციო კამპანიის ერთ-ერთ კომპონენტს.

ტრეინინგი ჩატარდა მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრისა (ICMPD) და მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოს ორგანიზებით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „მიგრაციის მართვის გაძლიერება საქართველოში“ (ENIGMMA) - ფარგლებში.

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი