საკოორდინაციო შეხვედრა მიგრაციის პროექტებზე

2016 წლის 9 თებერვალს თბილისში, სასტუმრო „ამბასადორში“ გაიმართა მიგრაციის სფეროში მიმდინარე პროექტების რიგით მე-6 საკოორდინაციო შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის წევრი უწყებების, ასევე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. შეხვედრის მონაწილეებმა შეაჯამეს უკვე დასრულებული პროექტები, წარმოადგინეს ინფორმაცია მიგრაციის კუთხით დაგეგმილი ახალი ინიციატივების შესახებ და დისკუსიის მსვლელობისას უპასუხეს დასმულ კითხვებს.

ამავდროულად, მიგრაციის საკითხებზე მიმდინარე საინფორმაციო კამპანიის ეფქტიანი კოორდინაციის უზრუნველყოფის მიზნით, შეხვედრის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენდა ინფორმაციის გაცვლა იმ დაგეგმილი საინფორმაციო ღონისძიებების თაობაზე, რომელიც საქართველოს 2016-2020 წ.წ. მიგრაციის სტრატეგიის 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმითაა განსაზღვრული და პარალელურად ეხმიანება ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის დავალებებს. შეხვედრისას ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლის მიერ ხაზგასმით აღინიშნა მიზანმიმართული საინფორმაციო კამპანიის წარმოების მნიშვნელობა, მათ შორის, როგორც ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტების ფარგლებში, ასევე თავად პროექტების ცნობადობის ამაღლების კუთხით.

ხსენებული საკოორდინაციო შეხვედრა იმართება წელიწადში ორჯერ მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოს ორგანიზებით და მიზნად ისახავს მიგრაციის სფეროში პროექტებს შორის შესაძლო თემატური გადაფარვების მინიმუმამდე დაყვანას და ჩართულ მხარეთა შორის თანამშრომლობის გაღრმავებას. შეხვედრის მონაწილეთა მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე სამდივნოს მიერ ახლდება მიგრაციის სფეროში მიმდინარე პროექტების ელექტრონული მატრიცა.

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი