შეხვედრა დონორ ორგანიზაციებთან მიგრაციის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის შესახებ

საქართველოს მთავრობამ 2015 წლის 14 დეკემბრის N622 დადგენილებით დაამტკიცა საქართველოს 2016-2020 წლების მიგრაციის სტრატეგია, რომელიც უკვე გამოქვეყნდა იუსტიციის სამინისტროს სსიპ საკანონმდებლო მაცნეს ოფიციალურ ვებ-გვერდზე. დოკუმენტი მომზადდა მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის ფარგლებში მოქმედ უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის მიერ და მის შემუშავებაში აქტიურად იყვნენ ჩართული კომისიაში საკონსულტაციო სტატუსის მქონე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები.

დადგენილია, რომ მიგრაციის სტრატეგიას ექნება ორ ეტაპიანი სამოქმედო გეგმა, რომლის პირველი ნაწილი (2016-2017 წ.წ.) შემუშავების დასკვნით ფაზაშია და წლის ბოლომდე დამტკიცდება მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის მიერ.
მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიასა და საერთაშორისო/დონორ ორგანიზაციებს შორის ურთიერთთანამშრომლობის და საქმიანობის კოორდინაციის მაღალი დონის გათვალისწინებით, 2015 წლის 17 დეკემბერს თბილისის იუსტიციის სახლში, კომისიის სამდივნოს ორგანიზებით გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა, რომელზეც მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის წევრ უწყებებმა საერთაშორისო/დონორ ორგანიზაციებს წარუდგინეს მიგრაციის სტრატეგიის 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები და განიხილეს დონორების მხრიდან ცალკეული აქტივობების დაფინანსების ან თანადაფინანსების შესაძლებლობები.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრას ესწრებოდნენ, როგორც კომისიის პარტნიორი, ასევე სფეროში მოქმედი სხვა საერთაშორისო/დონორი ორგანიზაციებიც.

ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევი